განათლების მინისტრის მრჩეველი, ოთარ აბესაძე ამბობს, რომ სამინისტროს ამ საკითხზე დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა მიმართეს, რომლებიც სტუდენტების ფინანსურ დავალიანებაზე აკეთებდნენ აქცენტს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სტატუსი 2010 წლიდან დღემდე სულ 33, 029 სტუდენტს აქვს შეჩერებული. სტუდენტს სტატუსის შეჩერება 5 წლის ვადით შეუძლია. სტუდენტებმა სტატუსი შეიძლება შეიჩერონ ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა ავადმყოფობა, ფინანსური დავალიანება, საზღვარგარეთ გამგზავრება, საგნების ჩაუბარებლობა.
სტუდენტი ლევან ლორთქიფანიძე სტუდენტის სტატუსის შეჩერების ყველაზე მნიშვნელოვან მოტივად ფინანსურ პრობლემებს მიიჩნევს.
“ისინი ვერ ახერხებენ სწავლის გადასახადის გადახდას იმიტომ, რომ ეს სწავლის გადასახადი მათ შემოსავალთან თუ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით არაადეკვატურად მაღალია. მათი ძირითადი მოთხოვნა, ვისთანაც მე კავშირი მქონია, ვისთანაც მე მისაუბრია, არის ის, რომ მოხდეს შეღავათიანი საბანკო კრედიტების გამოყოფა, რომ მათ მოახერხონ სწავლის საფასურის გადახდა,”– თქვა ლევან ლორთქიფანიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
ოთარ აბესაძე კი ამბობს, რომ ბაზაში სტატუსის შეჩერებისას 11 000–მდე სტუდენტი მიზეზად ფინანსურ დავალიანებას აფიქსირებს, მაგრამ ამ რაოდენობაში მნიშვნელოვანი წილი აქვთ იმ სტუდენტებს, რომლებიც უფასო მიმართულებებზე სწავლობენ.
“აბსურდია 100%-ით დაფინანსებულმა სტუდენტმა სტატუსი შეიჩეროს ფინანსური დავალიანების გამო. რამდენიმე უნივერსიტეტში გავტესტეთ ეს რაოდენობები და 1900-ზე მეტი სტუდენტი დაფიქსირდა, რომელიც ამბობს, რომ სტატუსი შეიჩერა დავალიანების გამო, თუმცა სინამდვილეში ისინი ფინანსდებიან სახელმწიფოს მიერ.
სტუდენტები მასობრივად ერიდებიან ისეთი მიზეზების მითითებას, როგორიც არის ავადმყოფობა და საგნის ჩაუბარებლობა. აგრეთვე, სტატუსს იჩერებენ იმისათვის, რომ გაიხანგრძლივონ სტუდენტობა და ჯარი აიცილონ თავიდან,”– განუცხადა “ნეტგაზეთს” ოთარ აბესაძემ.
ლევან ლორთქიფანიძე კი ამბობს, რომ სტუდენტის სტატუსის შეჩერების უმეტესი შემთხვევა დაკავშირებულია ფინანსურ პრობლემებთან და არა ჯარში გაწვევასთან, ან რომელიმე საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობასთან.
“ჯარში გიწვევენ მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ შენ სტატუსი შეგიჩერდება და ვერ წარადგენ უნივერსიტეტიდან ცნობას, რომ შენ ჩარიცხული ხარ და თანხა გაქვს გადახდილი. მხოლოდ ამის შემდეგ მოდის შენთან სამხედრო კომისარიატი და მხოლოდ ამის შემდეგ მიყავხარ ჯარში,” – თქვა ლორთქიფანიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია “სტუდენტთა უფლებების ლიგის” პრეზიდენტი, ნოდარ თათვიძე ამბობს, რომ ზუსტად უნდა გავისაზღვროს, თუ რამდენ სტუდენტს აქვს სტატუსი შეჩერებული რეალურად თანხის გადაუხდელობის გამო.
“აქ არის ზუსტად გასარკვევი ის, რომ რეალურად რამდენს აქვს სტატუსი შეჩერებული თანხის გადაუხდელობის გამო და არა იმის გამო, რომ, მაგალითად, არ უნდა სწავლა და ასე შემდეგ,”– თქვა “ნეტგაზეთთან” საუბრისას ნოდარ თათვიძემ.
ოთარ აბესაძე აღნიშნავს, რომ სტუდენტთა დაფინანსების ზრდასთან ერთად, გაიზარდა სრუდენტების მიერ სტატუსის აღდგენის შემთხვევებიც.
“2013–ში ში სტატუსი აღიდგინა 10,600 სტუდენტმა, მიმდინარე წელს კი – 7,800–მა,” – ამბობს მინისტრის მრჩეველი.
განათლების მინისტრი სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს მომავალ კვირას შეხვდება. სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომ შეხვედრის ორგანიზების მიზნით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსს ვალერი გობრონიძეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე: 2 200 220.








