ახალი ამბები

უნდა დავირაზმოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების წინააღმდეგ – პრემიერი PACE-ში

10 აპრილი, 2019 •
უნდა დავირაზმოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების წინააღმდეგ – პრემიერი PACE-ში

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე, აღნიშნული რეგიონების მილიტარიზაციაზე, მავთულხლართების გავლებაზე ისაუბრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. მან აღნიშნულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას ჰუმანიტარული კატასტროფა უწოდა.

“ამ რეგიონების გაძლიერებული მილიტარიზაცია სრული ტემპით მიმდინარეობს და ყოველწლიურად იზრდება. ჯერ ისევ ვიმყოფებით საქართველოს მოქალაქეების გატაცების, წამების და მკვლელობის  საფრთხის წინაშე. არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და 18 წლის დავით ბაშარული ბოლოდროინდელ მსხვერპლთა სახელებია. რამდენიმე კვირის წინ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია უკანონოდ იქნა დაკავებული და ბუნდოვან გარემოებებში მისი გარდაცვალების მიზეზი კვლავ გაურკვეველია. ნათელია, რომ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ იქნა დაკავებული რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ აგებულ სამხედრო ბაზაზე”, – განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, ყველანი უნდა დავირაზმოთ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების წინააღმდეგ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება.

“რუსეთის ფედერაცია ცდილობს, ჩვენს მშვიდობიან ინიციატივებს საფუძველი გამოაცალოს ამ სახის დივერსიებით და ყველა ჩვენი ძალისხმევა დაბლოკოს ეთნიკური დისკრიმინაციის გზით. ისინი ცდილობენ, სრულად წაშალონ ქართული იდენტობა, მაგრამ ეს არ მოხდება, ამას არ დავუშვებთ”, – განაცხადა ბახტაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი