ახალი ამბები

ბათუმში აღმოჩენილ ცხედრებზე აუცილებელია გამოძიება და ექსპერტიზა – SOVLAB

10 აპრილი, 2019 • 1013
ბათუმში აღმოჩენილ ცხედრებზე აუცილებელია გამოძიება და ექსპერტიზა – SOVLAB

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB) სახელმწიფო ორგანოებს და ბათუმის ეპარქიის წარმომადგენლებს მიმართავს, რომ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ცხედრებთან დაკავშირებით ჩაატარონ ანთროპოლოგიურ-კრიმინალისტური ექსპერტიზა და სრულყოფილი გამოძიება.

SOVLAB-ის 3 რეკომენდაცია სახელმწიფოს და ეკლესიას:

  • უზრუნველყონ მასალების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა, რაც დაასაბუთებს დასკვნას და ასევე საშუალებას მისცემს მკვლევრებს, ისარგებლონ ამ ინფორმაციით.
  • თუკი ანთროპოლოგიური და კრიმინალისტიკური ექსპერტიზა და კვლევა არ ჩატარებულა, საშუალება მიეცეს საექსპერტო ჯგუფებს, შეისწავლონ ნაშთები.
  • თუკი ეს საბჭოთა პერიოდის მსხვერპლთა ნაშთებია, სახელმწიფომ უნდა მისცეს ამ ფაქტს სამართლებრივი ჩარჩო – აღძრას საქმე, ჩაატაროს გამოძიება დადგენილი წესით და უზრუნველყოს პროცესის დოკუმენტირება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელი და ნაადრევი იქნება მტკიცება, თითქოს ეს არის 1937-1938 წლების საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა საერთო სამარხები.

მასობრივი სამარხების შესახებ ინფორმაცია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ოფიციალურ ვებგვერდზე 5 აპრილს გავრცელდა. მასობრივ სამარხში 150 ადამიანის ნეშტია ნაპოვნი. არის ვარაუდი, რომ შესაძლებელია ეს ნეშტები  სტალინის რეპრესიების დროს დახვრეტილი ადამიანებისაა, თუმცა არსებობს სხვა ვერსიებიც. სახელმწიფოს ამ დრომდე არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს მასობრივ სამარხთან დაკავშირებით.

სასულიერო პირებმა დააანონსეს, რომ ცხედრებს იმავე ადგილას 21 აპრილს დაკრძალავენ.

SOVLAB-ის განცხადებით, ამ დრომდე (როცა გათხრების დაწყების მომენტიდან რამდენიმე წელია გასული), გარდა სატელეფონო და ტექსტური შეტყობინებებისა, ეპარქიას არ გაუვრცელებია ამ დასკვნის გამამყარებელი არქეოლოგიური ანალიზის დოკუმენტაცია, სამედიცინო და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მასალები და საერთო დასკვნები. ასევე, უცნობია, კონკრეტულად რა ჯგუფებმა იმუშავეს გათხრებსა და ნაშთების შესწავლაზე.

ლაბორატორიის განცხადებით, რადგან მსგავსი მასალები აქამდე არ გამოჩენილა, მოქალაქეებს და საკითხით დაინტერესებულ პირებსა თუ კვლევით ორგანიზაციებს მხოლოდ მედიაში გავრცელებული მასალებით შეგვიძლია მსჯელობა.

შესაბამისად, როგორც SOVLAB აცხადებს, თავს იჩენს კითხვები (ნეშტებზე არსებული სხვადასხვა ტიპის დაზიანებები, აღმოჩენილი ნივთების რაობა და ა.შ. რაც ვიზუალური დაკვირვებით განსხვავდება მასობრივი დახვრეტის სურათისაგან და დასახელებული პერიოდისაგან), რომლებიც საფუძვლიან და სანდო პასუხებს საჭიროებენ, რომ საზოგადოებამ და სამეცნიერო წრეებმა დაზუსტებით იცოდნენ, თუ რა ნაშთებთან გვაქვს საქმე და რამდენად სწორია გავრცელებული დასკვნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი