ახალი ამბები

სახალხო დამცველი ქობულეთის ინციდენტთან დაკავშირებით აჭარაში გეგმავს ვიზიტს

6 ოქტომბერი, 2014 •
სახალხო დამცველი ქობულეთის ინციდენტთან დაკავშირებით აჭარაში გეგმავს ვიზიტს

 

უჩა ნანუაშვილი; ფოტო: ომბუდსმენის აპარატი
უჩა ნანუაშვილი; ფოტო: ომბუდსმენის აპარატი

ქობულეთში, მუსლიმური პანსიონის კარზე ღორის თავის მიმაგრების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ეხმიანება. 

 

„საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ შედგენილი ახსნა-განმარტებებით, 2014 წლის 15 და 16 სექტემბერს მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ადგილობრივი მუსლიმები იმყოფებოდნენ შენობაში და მათ აქციის მონაწილეები არ  აძლევდნენ შენობის დატოვების შესაძლებლობას. ხოლო მოსწავლეებს პანსიონში არ უშვებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე დღეს პანსიონის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და აკვირდებოდნენ საპროტესტო აქციის მიმდინარეობას, მათ არ უზრუნველყვეს აქციის მონაწილეების განცალკევება იმგვარად, რომ ერთი მხრივ, მოსწავლეები შესულიყვნენ პანსიონში ან/და მეორე მხრივ, შენობაში მყოფ პირებს მისცემოდათ შენობის დატოვების შესაძლებლობა. ამასთან, სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მიუხედავად ადგილობრივ მუსლიმებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის მიღწეული შეთანხმებისა, რომ პანსიონში დარჩენილ პირებს დაუბრკოლებლად მიაწოდებდნენ საკვებს, ეს პირობა არ სრულდება და მუსლიმებს ექმნებათ პრობლემები  პანსიონში მყოფი პირებისთვის საკვების მიწოდების თვალსაზრისით. 28 სექტემბერს ადგილობრივ მოსახლეობასა და მუსლიმებს შორის ვითარება კვლავ დაიძაბა.

 

რელიგიის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული ადამიანის ერთ–ერთი ფუნდამენტური უფლებაა. გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება გაუმართლებლად არ ხელყოს ამა თუ იმ პირის რელიგიის თავისუფლება, ის ასევე ვალდებულია გაატაროს ქმედითი ზომები, რათა ყველას მიეცეს ამ უფლებით სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობა“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში. 

 

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა 10 სექტემბრიდან დღემდე მუსლიმთა პანსიონის შესახებ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიმართა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და სსიპ რელიგიის საკითხთა სააგენტოს.

 

„10 სექტემბრის შემდგომ ქობულეთში მოვლენების განვითარება და მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესი მიანიშნებს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, მათ შორის, მნიშვნელოვანია დადგეს რელიგიური შეუწყნარებლობის მსგავსი აგრესიული ფორმით გამომხატველ პირთა ადეკვატური სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი“ – აღნიშნულია განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი