ახალი ამბები

ჭირაქაძე გადადგა, ბიზნესასოციაციას სოსო ფხაკაძე უხელმძღვანელებს

9 აპრილი, 2019 • 1953
ჭირაქაძე გადადგა, ბიზნესასოციაციას სოსო ფხაკაძე უხელმძღვანელებს

ბიზნესასოციაციაციას ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე უხელმძღვანელებს. გადადგომის შესახებ  უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ გუშინ, 8 აპრილს განაცხადა.

სოსო ფხაკაძე 2011 წლიდან ასოციაციის პირველი ვიცეპრეზიდენტი იყო. გავრცელებულ განცხადებაში პოსტის დატოვების მიზეზებზე ჭირაქაძე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ “ასოციაციის პოზიციით პროაქტიულად ინტერესდება ხელისუფლების ყველა შტო” და წევრთა რაოდენობა “ისტორიულ მაქსიმუმზეა”.

“მე უკვე ათი წელია საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ვარ და ძირითადი მიზანი ცალსახად მიღწეულია – დღეს ჩვენი ბიზნესგაერთიანება, თითოეული ჩვენგანის ძალისხმევის, აქტიური ჩართულობის და მონდომების შედეგად, ქვეყანაში გავლენიანი და ანგარიშგასაწევი ინსტიტუტია, რომელსაც პატივს სცემენ ისინიც კი, ვისთვისაც სრულიად უცხოა ბიზნესი და მასთან დაკავშირებული საკითხები.

დღეს, ჩვენი გაერთიანების არსებობის ათი წლისთავზე, როდესაც ასოციაციის წევრთა რაოდენობა (72 წევრი) ისტორიულ მაქსიმუმზეა, როდესაც ასოციაცია არის არაერთი წარმატებული ეკონომიკური თუ სამართლებრივი რეფორმის ინიციატორი და მხარდამჭერი, როდესაც ბიზნესისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან მიმართებაში, ასოციაციის პოზიციით, პროაქტიულად ინტერესდება ხელისუფლების ყველა შტო, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, მედიასაშუალება – ალბათ, ყველაზე შესაფერისი დროა შედეგები შევაჯამოთ და მე ჩემი მხრივ გადავდგა ის ნაბიჯი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ წაადგება საქართველოს ბიზნესასოციაციის შემდგომ განვითარებას და ხელს შეუწყობს მის შემდგომ წარმატებებს – მე მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის პოსტი, თუმცა უწინდებურად აქტიურად გავაგრძელო საქართველოს ბიზნესასოციაციის მხარდაჭერა,”-აცხადებს ჭირაქაძე.

ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიის, “ლილო მოლის“ გენერალური დირექტორის, გიორგი კვარაცხელიას თქმით, ასოციაციის პრეზიდენტის ასარჩევად არჩევნები უნდა ჩატარდეს. კვარაცხელია აცხადებს, რომ ასოციაციის წესდების მიხედვით, ფხაკაძე, როგორც პირველი ვიცეპრეზიდენტი, პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს.

„ ამ ეტაპზე ფხაკაძე პირველი ვიცეპრეზიდენტია და ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის მოვალეობასაც ის შეასრულებს. ჩვენ არჩევნების მოლოდინში ვართ. ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობა არჩევითია და არა – დანიშვნადი,”-ამბობს კვარაცხელია, რომლის კომენტარსაც BMG ავრცელებს.

ნეტგაზეთი ბიზნესასოციაცის დაუკავშირდა. ჩვენ ვკითხეთ, იგეგმება თუ არა არჩევნების ჩატარება, თუმცა ამ საკითხზე ასოციაციაში კომენტარი არ გააკეთეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი