ახალი ამბები

არ გვჭირდება ხალხი, ვინც მიიღებს კრედიტს მაცივრის საყიდლად და მერე შავ სიაში ხვდება – ქობულია

9 აპრილი, 2019 • 2015
არ გვჭირდება ხალხი, ვინც მიიღებს კრედიტს მაცივრის საყიდლად და მერე შავ სიაში ხვდება – ქობულია

ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომელიც მიიღებს კრედიტს იმისთვის, რომ მაცივარი ან ტელევიზორი იყიდოს, ამის გამო მერე შავ სიაში ხვდება და შეიძლება ბინაც კი ჰქონდეს გასაყიდი, – საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

“ყველას მოვუწოდებთ, ნუ ვისმჯელებთ შედეგებზე ორი-სამი თვის მიხედვით. ჩვენ ცოტა მეტი დაკვირვება გვინდა. როგორც არაერთხელ გვითქვამს, დაკვირვების შედეგებზე დამყარებით შევიტანთ კორექტივებს რეგულაციებში, თუ ეს იქნება საჭირო. რაც მთავარია, თვითონ რეგულაციების ვექტორი არ შეიცვლება, ანუ ძირითადად ეს გენერალური მიმართულება იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს და რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ, ამას არ გადავუხვევთ. ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომელიც მიიღებს კრედიტს იმისთვის, რომ მაცივარი ან ტელევიზორი იყიდოს, ამის გამო მერე შავ სიაში ხვდება და შეიძლება ბინაც კი ჰქონდეს გასაყიდი. ჩვენ ამას აღვკვეთთ, უკვე აღვკვეთეთ და ამას არ გადავუხვევთ”, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

მისივე თქმით, უშუალოდ რეგულაციებში გარკვეული კორექტივების შეტანისთვის მმართველი გუნდი ყოველთვის მზად იყო და დაკვირვების საფუძველზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა არის დასაკორექტირებელი.

“არ არის ისეთი სიტუაცია, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება დღეს და ამ გადაწყვეტილებას შევინარჩუნებთ, მიუხედავად იმისა, თუ როგორი რეაქცია ექნება ამაზე ეკონომიკას. არა, რა თქმა უნდა. ჩვენ ეკონომიკის რეაქციას ვაკვირდებით და დავაკორექტირებთ, მაგრამ ვექტორები დარჩება იგივე. როდესაც იპოთეკურ რეგულაციებში ჩავდეთ პირობა, რომ თუ ადამიანს, ვინც ყიდულობს ბინას, აქვს მხოლოდ ერთი ბინა, რომელსაც ის ყიდულობს, ამ ბინის ჩადება არ შეუძლია უზრუნველყოფაში, ჩვენ შეიძლება, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს გადავხედოთ. მაგალითად, ბევრი ახალგაზრდა ადამიანი, როგორც ვიცით, ცხოვრობს მშობლებთან, ისინი ყიდულობენ ბინას, ცხოვრობენ მშობლებთან. კიდევაც რომ მოხდეს რაღაც და ადამიანმა ეს ბინა დაკარგოს, ბოლოს და ბოლოს მშობელთან დაბრუნდება საცხოვრებლად”, – განაცხადა ქობულიამ.

მისი თქმით, ასეთი ლოგიკური, მარტივი საკითხები დღესდღეობით განიხილება და შეიძლება მოხდეს კორექტირებები.

“საყოფაცხოვრებო დაკრედიტების თვალსაზრისითაც მიდის ლაპარაკი იმაზე, თუ როგორ შეიძლება დავაკორექტიროთ, მაგალითად, შემოსავლის მიხედვით კრედიტის გაცემის კოეფიციენტები. შეიძლება, რაღაც შერბილება მოხდეს. მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ ყველაფერს იხილავს ეროვნული ბანკი, რომელიც არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაში ჩარევას არ ვაპირებთ. ეს მისი პრეროგატივაა, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, მათთან კონსულტაციებს გავდივართ და ჩვენს აზრს ვთავაზობთ“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი