პარლამენტმა კანონპროექტი, რომლითაც სკოლის გამოსაშვები გამოცდები უქმდება, განმეორებით კენჭისყრაზე მესამე მოსმენით მიიღო.
საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 8 დეპუტატი იყო.
აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტმა მესამე მოსმენით კენჭი 5 აპრილს უყარა, თუმცა კანონპროექტი ჩავარდა. ცვლილებებს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა, თუმცა მისაღებად კანონპროექტს 63 ხმა სჭირდებოდა.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ დეპუტატმა ლევან კობერიძემ ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ ხმაურის გამო გაუგებარი იყო, რომელ კანონპროექტს ეყრებოდა კენჭი და განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება სთხოვა, რაზეც ირაკლი კობახიძემ განახადა, რომ განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების საფუძველი არ არსებობდა:
“არგუმენტი არ არის ხმაური. არც ამ შემთხვევაში და არც სხვა შემთხვევაში,” – თქვა კობახიძემ.