დღეს, 5 აპრილს, უკვე რამდენიმე საათია, რაც პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უსმენენ. გვენეტაძე საკანონმდებლო ორგანოში “თიბისი ბანკისა” და საცალო დაკრედიტების რეგულაციების შესახებ საუბრობს, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დასმულ კითხვებზე სებ-ის პრეზიდენტი არ პასუხობს.
ამის გამო “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შესთავაზა, რომ მათ ჰქონოდათ შესაძლებლობა, დასმულ კითხვაზე გვენეტაძის პასუხი მაშინვე მოესმინათ.
“თავიდან რომ ავიცილოთ ისეთი შემთხვევები, როცა გამომსვლელს ავიწყდება კითხვები შეგნებულად თუ უნებლიეთ. ამის გამო, დეპუტატები ადგილიდან ყვირიან… თუ მომხსენებელი თანხმა იქნება და თუ არის შესაძლებელი, კითხვა-პასუხის რეჟიმი იყოს, გნებავთ, შეზღუდული დროით. გროვდება ბევრი კითხვა, შემდეგ მომხსენებელი ჩამოუყვება და გამოტოვებს ისეთ “უმნიშვნელო” თემას, როგორიც, მაგალითად, ივანიშვილის გვარია ან პროკურატურის საქციელი,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გვენეტაძის პასუხებით უკმაყოფილოა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძეც. მისი თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კითხვების ნახევარზე მეტს არ უპასუხა.
“თვითონ წყვეტენ [ეროვნული ბანკის წარმომადგენლები],რაზე გვიპასუხონ და რაზე-არა. უნდა იყოს კონკრეტული პასუხები იმ კითხვებზე, რაც მოსახლეობას ადარდებს. ვერ მივიღე პასუხი. რა ქმედებაზე უნდა გადავიდე?! შეფასებით ვერ ვაფასებთ, ორიანი რომ დავუწეროთ,” – განაცხადა ჭიჭინაძემ.
პარლამენტის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გვენეტაძეს შეახსენა, რომ კითხვები, რასაც დეპუტატები მას უსვამენ, რეალურად საზოგადოებაშიც არსებობს. მისივე თქმით, სებ-ის პრეზიდენტი ვალდებულია, საზოგადოების წარმომადგენლების კითხვებს უპასუხოს.
“დასმულ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ და ეს მოხდა მარტივი მიზეზი გამო: არასასურველი კითხვების თავის არიდება ხდებოდა. არჩეული პარლამენტის წევრები, შესაბამისად, საზოგადოების წარმომადგენლები, კითხვებს ვსვამთ. აქედან ზოგი ჩვენია, ზოგიც ჩვენმა ამომრჩევლებმა მოგვწერეს. მე რამდენიმე ადამიანმა მომწერა, რომ თქვენთვის ეს კითხვა დამესვა. მე კარგად ვასრულებ ჩემს ფუნქციას, რადგან მათი წარმომადგენელი ვარ და თქვენ რამდენად კარგად ასრულებთ ფუნქციას, როცა ხალხის წარმომადგენლების კითხვებს პასუხს არ სცემთ?” -განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
პარლამეტის თვამჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც უკმაყოფილო დარჩნენ კობა გვენეტაძის პასუხებით, განუმარტა, რომ რეგლამენტი მათ აძლევთ შესაძლებლობას, ბოლოს პოლიტიკური განცხადებები აკეთონ. კობახიძის თქმით, დეპუტატებს შეუძლიათ, რომ საკუთარი უკმაყოფილება განცხადებების დროს დააფიქსირონ.
“როცა ამბობთ, რომ მომხსენებელმა არ გასცა თქვენს კითხვებს პასუხი, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვმოქმედებთ პროცედურის შესაბამისად. პროცედურის თანახმად, ისმება კითხვები, რომელსაც მოგვიანებით მომხსენებელი პასუხობს. შემდეგ ხდება დაზუსტება და ისევ მომხსენებლის პასუხები. ამის შემდეგ უკვე პოლიტიკურ დისკუსიაში გადავდივართ. თუ გაქვთ განცდა, რომ პასუხი არ გაეცა თქვენს კითხვებს, ეს პოზიცია პოლიტიკური დებატების ფორმატში დააფიქსირეთ,”-ამბობს კობახიძე.