ახალი ამბები

ბექა ნაცვლიშვილის განმარტება ნატო/რუსეთის საკითხზე

5 აპრილი, 2019 • 1439
ბექა ნაცვლიშვილის განმარტება ნატო/რუსეთის საკითხზე

ბექა ნაცვლიშვილი “ნატოს საფრთხის კონტექსტში” რუსეთის “რეაქციის ადეკვატურობის” შესახებ გაკეთებულ კომენტარს განმარტავს. დამოუკიდებელმა დეპუტატმა ამ საკითხზე ახალი განცხადება გაავრცელა, სადაც სიტყვა “ადეკვატური” “შესაბამისით” შეცვალა.

“მინდა ჩემს მიერ გუშინ თავდაცვის მინისტრის მიმართ დასმულ კითხვას გამოვეხმაურო, რომელსაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

მგონი, საკმარისად ცხადი იყო კითხვის არსი, მაგრამ შესაძლებელია ორი წუთი არ აღმოჩნდა საკმარისი მეტი სიცხადისთვის. პირველი, რაც შეეხება დიდი სახელმწიფოების პოლიტიკურ პრაქტიკას და თანდაყოლილ მისწრაფებას, რომ არ დაუშვას სხვა მისდამი არამეგობრულად განწყობილი სახელმწიფოს ან სამხედრო ბლოკის ყოფნა მის საზღვრებთან, მგონი, უცხო არ უნდა იყოს არავისთვის.

რადგან თუ ეს ხდება ცალმხრივად, მაშინ ირღვევა ძალთა ბალანსი. კონვენციონალური ომის შემთხვევაში ის, ვისაც ბაზები აქვს განთავსებული, ან სარაკეტო სისტემები მეორე ქვეყნის საზღვრებთან და თუ ამ მეორე ქვეყანას არ აქვს პირველის საზღვრებთან სამხედრო ინფრასტრუქტურა, ირღვევა ძალთა ბალანსი, რადგან ომის შემთხვევაში, ვისაც სხვის საზღვრებთან გააჩნია ინფრასტრუქტურა, არის თავიდანვე უპირატეს მდგომარეობაში. რადგან მას სწრაფად შეუძლია რეაგირება მტრის მოქმედებებზე, წმინდა გეოგრაფიული სიახლოვის თვალსაზრისით.

რაც შეეხება რუსეთს. რუსეთში არის ავტორიტარი მმართველი, რომლის რეიტინგი ეცემა და რომელიც საკუთარი რეიტინგის გადარჩენისთვის იყენებს მეზობლებთან ომს, რადგან ნატოს ნებისმიერი მიახლოება რუსეთის საზღვრებთან განიხილება მისთვის როგორც დამატებითი საფრთხე. (მგონი, ამას დადასტურება არ სჭირდება, რომ რუსეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების, თუ სამხედრო ბლოკის ძალები თუ სარაკეტო სისტემები მის საზღვრებთან აღემატება მის ან მასთან მეგობრულად განწყობილი ქვეყნების სამხედრო ინფრასტრუქტურას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებთან. ის სწორედ მას განიხილავს მთავარ მოწინააღმდეგედ).

ამიტომ მისი რეაქცია თუ სიტყვა ადეკვატური, არ მოსწონს ვინმეს, კარგი – არის შესაბამისი. ამიტომ ამ გარემოებების გათვალისწინებით მისი მხრიდან ალბათობა სამხედრო პროვოკაციის ძალიან მაღალია. მე თავდაცვის მინისტრისგან ველოდი საფრთხეებზე საუბარს და ჩვენს მზადყოფნაზე, ჩვენს პარტნოორებთან ერთად რამდენად ძალგვიძს ამ საფრთხესთან გამკლავება. რადგან ვერ მოვისმინე, კითხვაც სწორედ ამას ემსახურებოდა”, – წერს ბექა ნაცვლიშვილი.

ამავე თემაზე

რუსეთის ირგვლივ ნატოს ბევრი ბაზაა და მისი რეაქციაც ადეკვატურია – ბექა ნაცვლიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი