ახალი ამბები

ფოთის რეაბილიტირებულ სტადიონზე საშხაპე ჭერი ზედმეტად დაბალია, კომისია საკითხს შეისწავლის

5 აპრილი, 2019 • 2878
ფოთის რეაბილიტირებულ სტადიონზე საშხაპე ჭერი ზედმეტად დაბალია, კომისია საკითხს შეისწავლის

ფეისბუკზე ფოთის რეაბილიტირებული სტადიონის საშხაპეში გადაღებული კადრები ვრცელდება. კადრებზე ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია ჩანს, რომელიც ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ ფეხბურთელებისთვის მხოლიდ 4 საშხაპე გააკეთეს, ისიც ძალიან დაბალი ჭერით.

კადრებში ჩანს, თუ როგორ ცდილობს ცხვიტარია ოთახის ბოლოსკენ მივიდეს, თუმცა, ჩამოწეული ჭერის გამო, მას დახრა უწევს.

“რა დააშავეს იმ ფეხბურთელებმა?… იმ ორმეტრიანმა სპორტსმენებმა? მე ვერ ვიმართები აქ…  სრიალით უნდა შემოვიდნენ აქ? უნდა გაისაპნონ და სრიალით შემოვიდნენ!? 11 ადამიანი თამაშობს და ამ საშხაპეებში რიგრიგობით უნდა შევიდნენ!?” – ამბობს დარეჯან ცხვიტარია და დასძენს, რომ მერიას არც ერთხელ არ შეუმოწმებია სტადიონის რეაბილიტაციის პროცესი.

რაც შეეხება ფოთის მერიის პოზიციას, ნეტგაზეთს უწყებაში უთხრეს, რომ ამ საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება აღნიშნული ობიექტის ჩაბარების საკითხი.

„სპეციალური კომისია შეისწავლის არსებულ ხარვეზებს. თუ ნამდვილად აღმოჩნდა ხარვეზები, ჩვენ მშენებელ კომპანიას ვეტყვით, რომ გამოასწოროს. უნდა ჩამოვიდნენ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, მათ უნდა შეამოწმონ არსებული სამუშაოების სტანდარტებთან შესაბამისობა. ყველაფერს სპეციალისტები დაადგენენ და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას,“ – აცხადებს ვიცემერი კონსტანტინე თოფურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი