ახალი ამბები

ბრექსიტს ვუყურებთ განზრახვით, მაქსიმუმი მივიღოთ მისგან – ზურაბიშვილი

5 აპრილი, 2019 • 834
ბრექსიტს ვუყურებთ განზრახვით, მაქსიმუმი მივიღოთ მისგან – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აზრით, საქართველომ უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შედეგად წარმოიქმნება და წინ წასწიოს მისი ინტეგრაციის დღის წესრიგი.

“ჩვენ ვუყურებთ ამ სიტუაციას განზრახვით, რომ მაქსიმუმი მივიღოთ მისგან. ლოგიკა იმაშია, რომ ქვეყანას, რომელიც მტკიცედ მიემართება ევროპისკენ, არ შეიძლება იმაზე ნაკლებად მოეპყრან, ვიდრე ქვეყანას, რომელიც მტკიცედ მოძრაობს ევროკავშირიდან გასასვლელად”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა “ბლუმბერგთან” ინტერვიუში.

სალომე ზურაბიშვილის აზრით, მიმდინარე წლის ზაფხულში ბათუმში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენცია შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება საქართველოს ხედვების წინ წამოსაწევად.

“ევროპა ყოველთვის აღწევდა პროგრესს დიდი კრიზისების გავლით. ჩვენთვის სცენა ცარიელია, რათა  შევავსოთ ის, რითაც შეგვიძლია”, – თქვა ზურაბიშვილმა.

გამოცემის მიხედვით, საფრანგეთში დაბადებული სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ განსხვავდება თავისი წინამორბედებისგან, რადგან ევროპელია და მისი “ბექგრაუნდი” უკვე თამაშობს როლს ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებში.

“იმიტომ, რომ, მე, ალბათ, განსხვავებულად ველაპარაკები ევროპელ პარტნიორებს, ვიდრე წინამორბედი პრეზიდენტები”, – ამბობს ზურაბიშვილი.

რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სამხედრო თვალსაზრისით საქართველო ამისთვის უკვე მზად არის.

“სამხედრო კუთხით ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ. MAP-ის მიღების პროცესში რომ ვიყოთ, ყველამ იცის, 2 თვეში მზად ვიქნებოდით”, – ამბობს ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, რუსეთის ყოველდღიური პროვოკაციების მიუხედავად, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში საქართველოს მცირედითაც არ შეუცვლია განზრახვა, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანდეს. შესაბამისად, თუ რუსეთის მიზანი საქართველოს გეზის შეცვლა იყო, მან დიდი მარცხი განიცადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი