ახალი ამბები

ვფიქრობ, ქალბატონი პრეზიდენტი ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა… – იზორია ბოკერიას

4 აპრილი, 2019 • 1100
ვფიქრობ, ქალბატონი პრეზიდენტი ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა… – იზორია ბოკერიას

კითხვაზე, მოხდა თუ არა მძინარე ცხინვალის დაბომბვა, ჩემი კონკრეტული პასუხია: არა, – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ “ნაციონალური მოძრაობის” წევრ სალომე სამადაშვილს.

დეპუტატმა თავდაცვის მინისტრს ჰკითხა, ეთანხმება თუ არა ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველომ დაბომბა მძინარე ცხინვალი. იზორიას სალომე ზურაბიშვილის განცხადება არ შეუფასებია და მას შემდეგ, რაც სამადაშვილმა მას სთხოვა დაეკონკრეტებინა, აზიანებს თუ პრეზიდენტის განცხადებები ქვეყნის ინტერესებს, ლევან იზორიამ აღნიშნა:

“ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ამით ჩემი პასუხი ცხადია”.

ლევან იზორია ამბობს, რომ ასევე არ იცნობს სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ნატოს წვრთნებს საქართველოში ქვეყნისთვის საზიანოდ განიხილავს.

“რაც შეეხება ბატონ გიგას კითხვას, მე [ზურაბიშვილის] ასეთი განცხადება არ მომისმენია. შესაბამისად, მე ასეთ განცხადებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუმცა თქვენ იცით ჩემი პოზიცია იმის შესახებ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ნატოსთან ინტეგრაციის და მათ შორის ერთობლივი სწავლებების ჩატარების საკითხს. მე ვფიქრობ, რომ ასეთ განცხადებას ქალბატონი პრეზიდენტი არ გააკეთებდა. თუ თქვენ მაჩვენებთ ასეთ განცხადებას, ვნახავ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ არ გააკეთებდა”, – განაცხადა ლევან იზორიამ.


სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ში საკუთარ გვერდზე 2017 წლის 31 ივლისს გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის ასე აფასებდა ამერიკული სამხედრო ტექნიკის შემოსვლას საქართველოში.

“ამერიკული სამხედრო ტეხნიკის გამოჩენა თავისთავად რას ემსახურება და რისი მომტანია, ჩემთვის ნათელი არაა… ეს არ არის – ჩვენ რომ გვგონია ან გვინდა გვჯეროდეს – ისეთი მკაფიო განაცხადი ” ხელი არ ახლოთო, თორემ აქ ვართ და ნახავთ ” … ამ ტექნიკის დემონსტრირების უკან რა დგას და საერთოდ რამე ჩანაფიქრი თუ დგას, ცოტა არ იყოს, მეეჭვება? არის კი ამერიკა მზად პასუხისთვის, მცოცავი ქმედებებიდან ღია აგრესიაზე რომ გადავიდეს ჩვენი ისედაც აღგზნებული მეზობელი?” – წერდა მაშინ სალომე ზურაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი