“სიმინდის კუნძულის” ჩვენება პარლამენტში და გია ვოლსკის შენიშვნები გიორგი ოვაშვილს

თბილისში, პარლამენტის შენობის კინოდარბაზში, რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ფილმის – „სიმინდის კუნძულის“ ჩვენება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, ეთნიკური აფხაზები დაესწრნენ.

„ფილმი ეხება ჩვენს მოუნელებელ ტკივილს, კონფლიქტს, რომელიც დღემდე არ დასრულებულა“, – პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ. თუმცა პალიტრა TV-ის მიერ ჩვენების დასრულების შემდეგ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ვოლსკის, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავას, ფილმთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვთ:

“მე, მაგალითად, ძალიან უკმაყოფილება დამრჩა. არ ვიცი, თქვენ როგორ შეაფასებთ, მაგრამ ძალიან დიდი აქცენტია 12 წლის ბავშვის სექსუალურ მხარეზე. მნიშვნელობა არ აქვს, აფხაზები უქნევენ ხელს თუ ვინ… მთავარი აზრი თქვენ ფილმში დავინახე ის, რომ კაცი უნდა იყო ადამიანი, სიკეთე თესო და იშრომო – აფხაზიც, ქართველიც, მაგრამ ბავშვის სექსუალურობაზე ძალიან დიდი აქცენტია. ეს თემა ერთი “სალო“-ში ვნახე, მაგრამ იქაც არ არიან ბავშვები, ცოტა დიდები თამაშობენ… მე ძალიან ბევრი უცხოური ფილმი მინახავს, მაგრამ ამ წლოვანებაზე ასეთი აქცენტი რომ იყოს სექსუალურ თემაზე – არ მინახავს”, – უთხრა ვოლსკიმ რეჟისორს. 

ფილმის რეჟისორი გიორგი ოვაშვილი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, დიმა ჯაიანმა დაამშვიდა:

“აქ სხვა რამე დევს, რომელიც მე მესმის. როცა სპექტაკლი “ზღვა, რომელიც შორია” გამოუვუშვი, იმავე საღამოს კინაღამ თავი მოვიკალი, ვერ გაიგეს”, – უთხრა ჩვენების დასასრულს ჯაიანმა ოვაშვილს.

ფილმი წარადგინა რეჟისორის პედაგოგმა, ბუბა ხოტივარმა. პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული პრესრესლიზის მიხედვით, გიორგი ოვაშვილის ფსიქოლოგიური დრამა „სიმინდის კუნძული“ აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებს, ადამიანისა და ბუნების ბრძოლას და ჩაკეტილი სივრცის გარღვევის სურვილს ასახავს. ფილმი ამერიკული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს – „ოსკარის“ საქართველოს 2014 წლის ოფიციალური ნომინანტი და კარლოვი ვარის პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალის 2014 წლის გრანპრის – „ბროლის გლობუსის“ მფლობელია. ასწუთიან დრამაში, რომელიც ტყიბულის წყალსაცავზე ხელოვნურად შექმნილ კუნძულზეა გადაღებული, მთავარ როლებს ცნობილი თურქი მსახიობი ილიას სალმანი და ქართველი არაპროფესიონალი მსახიობი მარიამ ბუთურიშვილი ასრულებენ.

„სიმინდის კუნძული“ ექვსი ქვეყნის – საქართველოს, გერმანიის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ყაზახეთისა და უნგრეთის ერთობლივი პროდუქციაა და მისმა ბიუჯეტმა 1,5 მილიონი ევრო შეადგინა. 


სიმინდის კუნძულის ჩვენება პარლამენტში
სიმინდის კუნძულის ჩვენება პარლამენტში

სიმინდის კუნძულის ჩვენება პარლამენტში
სიმინდის კუნძულის ჩვენება პარლამენტში

სიმინდის კუნძულის ჩვენება პარლამენტში
სიმინდის კუნძულის ჩვენება პარლამენტში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დათო ქოქოშვილი