ახალი ამბები

წულუკიანის დაწერილია – სააკაშვილი გირგვლიანზე სტრასბურგის დასკვნაზე

3 აპრილი, 2019 • 2197
წულუკიანის დაწერილია – სააკაშვილი გირგვლიანზე სტრასბურგის დასკვნაზე

“[თეა] წულუკიანი მუშაობდა იქ და წულუკიანმა დაწერა დასკვნა”, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტარასბურგის სასამართლოს მიერ გირგვლიანის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების საკითხზე კომენტირებისას.

გირგვლიანის სკანდალურ საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გადაწყვეტილება 2011 წელს გამოიტანა. გადაწყვეტილებაში  სასამართლო გაოგნებულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლების ხმაშეწყობილი მოქმედებით, რათა არ აღსრულებულიყო სამართლიანი მრთლმსაჯულება ამ უმძიმეს დანაშაულზე. რუსთავის 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლოს გადაწყვეტილების ამ ნაწილზე ჰკითხა  2 აპრილს ინტერვიუში.

“იქ [სტრასბურგის სასამართლოში] დასკვნას წერდა წულუკიანი და ჰქონდა პირადი დაინტერესება”,- განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ გირგვლიანის საქმე “გაუფრთხილებლობით მკვლელობა” იყო და დამნაშავეები დააკავეს.

“რატომ არ გადააყენეთ [ვანო] მერაბიშვილი”? – ჰკითხა გვარამიამ, რაზედაც სააკაშვილმა უპასუხა, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის არგადაყენების გადაწყვეტილება “შეცდომა” იყო:

“ეს იყო შეცდომა. მაშინ ვაპირებდი ვანოს გადაყენებას, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და თქვა, არ შეიძლება ახლა, ასეთი სიტუაციაა, სიტუაცია მართლაც იყო ისეთი და ავიღე ჩემს თავზე ეს დარტყმა. ვფიქრობ, რომ შეცდომა იყო”.


  • 2011 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და 38-ე მუხლების დარღვევა. გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა ქართველმა მოსამართლემ ადეიშვილმა.
  • იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 2000-2010 წლებში მუშაობდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, თუმცა ის არ ყოფილა მოსამართლე.
  • სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სააკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 5 იანვარს 4 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. სააკაშვილს სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე შეუმცირდა და საპატიმრო ვადა 3 წლის ვადით განესაზღვრა.
  • ამავე საქმეში ბრალი დაუმტკიცდა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბისთვის მიესაჯა მსჯავრი.

სააკაშვილი: ყელში ამოვიდა გირგვლიანზე ლაპარაკი, ქვეყანა თავზე გემხობათ

მასალების გადაბეჭდვის წესი