“ევროპული საქართველო” კობა გვენეტაძეს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს

“ევროპული საქართველო” აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტის რეგლამენტს არღვევს, როცა ფრაქციის მიერ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დაბარების მიუხედავად პლენარულ სხდომაზე წარდგება.

როგორც დეპუტატმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა, პარლამენტის ახალი რეგლამენტი ჯერ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დაარღვია, ახლა კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არღვევს.

“პარლამენტმა რეგლამენტის ასი დღე დიდი ზარ-ზეიმით ჩაატარა. მესმის დამოუკიდებლობის 100 წლის აღნიშვნა და რეგლამენტის 10 დღის აღნიშნვნა – ეს მხოლოდ “ქართული ოცნებისნაირ” გუნდს შეუძლია, რომელიც თვითკმაყოფილების მორევში სიამოვნებით ეშვება ხოლმე. ამ რეგლამენტის მიღება და ზეიმი იმაზე, რომ მთავრობის წარმომადგენლები საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტში მოდიან, თავისთავად დიაგნოზია. თავისთავად, რეგლამენტის ისტორია ცუდი ისტორიაა იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა პრეცედენტები, როდესაც მთავრობა უტიფრად არღვევდა კანონს და თქვენ კანონი მოარგეთ მათ მოთხოვნებს, როცა ფრაქციებს წაგვართით მთავრობის წევრების მოწვევის უფლება იმიტომ, რომ ისინი არ დადიოდნენ”, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, ახლა მთავრობის წევრები ახალი რეგლამენტის მოთხოვნებსაც არ ითვალისწინებენ.

“ჯერ ბატონმა გახარიამ დაარღვია ახალი რეგლამენტი, როცა კომიტეტზე მოვიწვიეთ და თქვა, სესია მირჩევნიაო. ახლა ქვეყნის უმწვავეს კორუფციულ სკანდალზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ჯერ კომიტეტზე მობრძანდა და კითხვებზე პასუხი არ გაგვცა, შეიძლება რამე ცუდი წამომცდესო, და ახლა უტიფრად უარს აცხადებს კომიტეტში მოსვლაზე, იძახის, სესიაზე მოვალო. ანუ რა გამოდის, ეს საზეიმო დოკუმენტი მიიღეთ კომფორტული ვითარებებისთვის? ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამარცხვინო საქციელი გასაგებია, ამიტომ მოგმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობის ლიდერებს – მაინტერესებს, კიდევ ერთხელ დააფიქსირებთ, რომ თქვენი პოლიტიკური წონა ნულის ტოლია, თუ პოლიტიკური თავმოყვარეობაზე და თქვენს ინტერესზე გაახელთ თვალებს და პოზიციას დააფიქსირებთ? თქვენ თუ გგონიათ, რომ რეგლამენტის იგნორირება, როცა ოპოზიციის მოთხოვნით მომხდარ მოწვევაზე ხდება, ოპოზიციის სისუსტის პრობლემაა, მაგრად ცდებით. ეს თქვენი სისუსტის ამბავია, მთელი პარლამენტის დამცირებაა. აპირებთ თუ არა, თქვენი პოლიტიკური თავმოყვარეობა დაიცვათ, როცა მთავრობის წარმომადგენელი გეუბნებათ, რომ ფეხებზე ჰკიდია კანონის მოთხოვნები და პარლამენტი?”, – მიმართა ბოკერიამ უმრავლესობას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში 5 აპრილს მოუსმენენ.

5 აპრილს კობა გვენეტაძეს პარლამენტში მოუსმენენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.