“ახალი რეგულაციები დაიცავს” – გახარია შრომის უსაფრთხოებაზე

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ეხმაურება ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მომხდარ საწარმოო შემთხვევას, რა დროსაც 2 მუშა დაიღუპა. მინისტრის თქმით, “ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა”.

გახარიას თქმით, შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ კუთხით კანონმდებლობაც გაუმჯობესებულია. მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც ეს სფერო რეაგულაციებისაგან წლების განმავლობაში თავისუფალი იყო და შრომის ინსპექცია საერთოდ არ არსებობდა, აღსრულების ნაწილში, შესაძლოა, გარკვეული პრობლემები შეიქმნას, თუმცა, მისი აზრით, ამ ყველაფრის აღსრულება შესაძლებელია.

“ეს იყო აბსოლუტურად ტრაგიკული შემთხვევა, საერთოდ, შრომის უფლების დაცვა და შრომის უსაფრთხოების დაცვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. კანონმდებლობა უკვე გაუმჯობესებულია. თებერვლიდან ძალაში შევიდა მაღალი რისკის შემცველ ობიექტბზე და პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება ყველა სახის კომპანიებისა და საწარმოებისთვის. ახალი რეგულაციები დაიცავს”, – აცხადებს გახარია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com