ახალი ამბები

აქციაზე მინიმუმ 4 ადამიანი დააკავეს: მათ შორის ვახუშტი მენაბდე, ცოტნე ცხვედიანი და დავით სუბელიანი

1 აპრილი, 2019 • 3068
აქციაზე მინიმუმ 4 ადამიანი დააკავეს: მათ შორის ვახუშტი მენაბდე, ცოტნე ცხვედიანი და დავით სუბელიანი

ჭავჭავაძის გამზირზე, აქციაზე მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებულია 4-ზე მეტი ადამიანი.

შსს-ს თანახმად, აქციის მონაწილეები  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულნი (წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა).

აქციის ორგანიზატორების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან “საიას” იურისტი ვახუშტი მენაბდე და “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტი დავით სუბელიანი. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პოლიციამ ასევე დააკავა აქტივისტი ცოტნე ცხვედიანი და გიორგი სოფრომაძე.

შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლების მოთხოვნით გამოსულ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ჭავჭავაძის გამზირზე დაპირისპირება დღეს, პირველ აპრილს მოხდა. აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის #5-ში, იმ ობიექტის წინ იყვნენ შეკრებილნი, სადაც 31 მარტს ორი მუშა დაიღუპა.

პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი დაატოვებინეს და ტროტუარისაკენ შეავიწროვეს.

მანამდე აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილის ერთ მხარეს დასხდნენ და აცხადებდნენ, რომ არ დაიშლებოდნენ, სანამ ადგილზე თბილისის მერი და მთავრობის წევრები არ მივიდოდნენ. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს დროს 23:00-მდე აძლევდნენ.

მოთხოვნას თბილისის მერია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კახა კალაძე აქციის მონაწილეებით დაკომპლექტებულ რამდენიმეკაციან ჯგუფთან შესახვედრად მზად იყო. თუმცა დემონსტრანტებმა აღნიშნულ ფორმატზე უარი თქვეს და კალაძის სახლთან გადაინაცვლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი