ახალი ამბები

ნარმანია: მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა არ გაძვირდება

26 სექტემბერი, 2014 • • 1406
ნარმანია: მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა არ გაძვირდება

თბილისის მერის შეფასებით, მდგომარეობა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში  არადამაკმაყოფილებელია:

 

“თბილისის მეტროპოლიტენში მოძველებულია სისტემა, რომელიც აუცილებლად რეაბილიტაციას საჭიროებს. რამდენიმე სადგურში საჭიროა ესკალატორების გამოცვლა, მეტროსადგურების შეკეთება, რომელშიც ჩამოდის წყალი. მოძველებულია ავტობუსების პარკი, რომელიც აუცილებლად განახლებას საჭიროებს.”

 

დავით ნარმანიას განცხადებით,  2015 წელს საქართველოს აქვს  ვალდებულება, რომ ახალგაზრდული ოლიმპიადის სტუმრებს მოემსახუროს:

 

“შესაბამისად, ახალი ავტობუსების შესყიდვა იქნება საჭირო.  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან დავიწყეთ აქტიური მუშაობა, რომ მათი ჩართვით მოხდეს სატრანსპორტო სისტემაში არსებული მდომარეობის დეტალური კვლევა–ანალიზი და ამის საფუძველზე დავგეგმოთ ის, თუ როგორი ფორმით წავალთ მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. უახლოესი თვეების განმავლობაში კვლევა და რეკომენდაციები მომზადდება, რომლის შემდეგაც ჩვენ დავგეგმავთ სამომავლო პოლიტიკას. ტარიფები არ გადაიხედება; გაძვირების თვალსაზრისით საკითხი არ დასმულა, თუმცა აქვე ხასგასასმელია ის, რომ ჩვენ ძალიან ბევრ კატეგორიას ვაძლევთ სუფსიდიას. თვითონ მუნიციპალიტეტი აფინანსებს სხვადასხვა კატეგორიას სოციალურად დაუცველ პირებს, მათ შორის, ომის ვეტერანებს. ასეთი ფორმით სუბსიდირება გაგრძელდება. ინერგება თანამედროვე სისტემები, რომლის მეშვეობითაც ჩვენ გადახდასთან დაკავშირებით ადმინისტრირება უნდა გავაუმჯობესოთ. განსაკუთრებით ეს ეხება ავტობუსებს, სადაც დღემდე არსებობს დანაკარგი გადახდასთან დაკავშირებით და იძულებულია ადმინისტრირების გაუმჯობესების გზით მივიღოთ მისი შემოსავალი, რათა გარკვეული სუბსიდია დასჭირდეს სატრანსპორტო კომპანიას.”

 

ნარმანიას განცხადებით, ავტობუსების ბოლო გაჩერებები მოწესრიგდება:  

 

“გაკეთდება სველი წერტილები, იმისათვის, რომ მძღოლებს შეეძლოთ შესვენების პერიოდში სარგებლობა და ეს დისკომფორტი მათ აუცილებლად მოეხსნებათ. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, რათა ნაკლები პრობლემები შეექმნათ ავტობუსებს გადაადგილების დროს. ძალიან ბევრი დავალება მიიღო თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ და 10 დღის განმავლობაში მათ უნდა წარმოადგინონ, არსებულ ინფორმაციასთან დაყრდნობით, ხედვები შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით.”

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, პაატა ჯაჭვლიანი ამბობს, რომ თბილისის ყვითელი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ჩანაცვლება ეტაპობრივად მოხდება, ხოლო მგზავრობის ფასი არ გაიზრდება. ავტობუსების განახლების პირველი ეტაპი ახალი წლიდან დაიწყება:

 

“მოგეხსენებათ, რომ 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადა ტარდება თბილისში. გარკვეული ნაწილი იქნება შეკვეთილი ამასთან დაკავშირებით, რომ მოემსახუროს ჩვენს სტუმრებს. პროცესი გაგრძელდება ეტაპობრივად. ჩვენი მიზანია, რომ თბილისის მოსახლეობას გავუადვილოთ და უფრო კომფორტული გავხადოთ მათი მგზავრობა,” – განაცხადა პაატა ჯაჭვლიანმა.

 

დავით ნარმანია
დავით ნარმანია

მასალების გადაბეჭდვის წესი