ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის ულტიმატუმი ახალგორის მოსახლეობას და დევნილებს

26 სექტემბერი, 2014 • • 1122
ცხინვალის ულტიმატუმი ახალგორის მოსახლეობას და დევნილებს

“ასეთი გაურკვევლობა უსასრულობამდე ვერ გაგრძელდება. მოვიდა დრო არჩევანი გააკეთოს მოსახლეობამ და გადაწყვეტოს, სად უნდა ცხოვრება, სამხრეთ ოსეთში თუ საქართველოში,”- განუცხადა სააგენტო რეს-ს მურატ ჯიოევმა, პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში. 

 

“ჩვენ არავის ვაძევებთ და არ ვყრით სამხრეთ ოსეთიდან. პირიქით, ლენინგორისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის, ისევე როგორც ჯავის რაიონში სოფელ კარმზანისა და სინაგურის მოსახლეობისთვის, ჩვენ ვქმნით მაქსიმალურ შესაძლებლობებს, რათა მათ შეძლონ საქართველოში ნათესავებთან კავშირების შენარჩუნება, საქართველოში ჩასვლა სოციალური თუ სხვა საკითხებისთვის. მაგრამ ეს იყო დროებითი ზომა, რათა უეცრად არ მომხდარიყო იმ კავშირების გაწყვეტა, რომლებიც ამ ხალხს საქართველოს მიერ ოკუპაციის პერიოდში გაუჩნდა. თუკი ექვსი წლის განმავლობაში მათ ვერ გამოარკვიეს, ან მუდმივ საცხოვრებელ ადგილად საქართველო აირჩიეს, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და იქ იცხოვრონ.” 

 

მან ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთს ჟენევის დისკუსიების ფორმატში არაერთხელ დაუსვამს საკითხი იმის შესახებ, რომ ქართული მხარე დათანხმდეს ერთობლივ სამუშაოს ქვეყნებს შორის სახელმწიფო საზღვრის ზოლის განსაზღვრაზე.  

“თუ ეს პროცესი მოგვარდება, მაშინ შესაბამისი შეთანხმებები გაფორმდება, რომელიც სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის რეჟიმს განსაზღვრავს. ვინაიდან ჯერ ასეთი შეთანხმებები არ არის, საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ სამხრეთ ოსეთში ჩამოსვლას.”

 

ჯიოევის თქმით, ლენინგორის რაიონის მცხოვრებლებს, რომლებიც დღესდღეობით არ ფლობენ სამხრეთ ოსეთის პასპორტებს, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ იმ სპეციალური საბუთებით, რომლებსაც გამშვებ პუნქტებზე იღებენ.

 

“თუმცა ეს არ ვრცელდება ლენინგორის იმ მაცხოვრებლებზე, რომლებაც რაიონი დატოვეს და საქართველოში გადავიდნენ საცხოვრებლად. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, რომ ადამიანებმა, რომლებმაც დატოვეს საკუთარი სახლები საქართველოს აგიტაციის გავლენით, დაბრუნდნენ და მშვიდად იცხოვრონ ლენინგორში.”

ჯიოევის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები ამ ადამიანებს დევნილებს უწოდებენ.

“მაგრამ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მათზე არ შეიძლება გავრცელდეს დევნილის სტატუსი, ვინაიდან ისინი არავის გაუძევებია, მათ საკუთარი ნებით დატოვეს საკუთარი სახლები და საქართველოში გადასახლდნენ ქართული აგიტაციის გამო. მათ ჰქონდათ საშუალება ლენინგორში ჩამოსულიყვნენ, ენახათ საკუთარი სახლები, რომლებიც ხელუხლებელია, დაემუშავებინათ ბოსტნები. მათ შეუძლიათ დაბრუნდნენ სამუდამოდ ლენინგორში, თუმცა ამ შემთხვევაში მათ უარი უნდა თქვან საქართველოში დევნილთა სტატუსზე და არ უნდა ჰქონდეს საქართველოში კერძო საკუთრება, რომელიც მათ, როგორც დევნილებმა მიიღეს.” 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი