ახალი ამბებიკომენტარისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

დიდხანს მოგვიწევს განვითარების პერსპექტივის შეთავაზება აფხაზებისთვის – ანა წურწუმია

1 აპრილი, 2019 • 3720
დიდხანს მოგვიწევს განვითარების პერსპექტივის შეთავაზება აფხაზებისთვის – ანა წურწუმია

ანა წურწუმია, პოლიტიკის მკვლევარი, Eurasia Democratic Security Network (EDSN)


აფხაზეთის კონფლიქტზე ჩემი მოსაზრებები მრავალგვარი გამოცდილებით არის ნაკარნახევი. ცხადად მახსოვს, როგორ გამოვიქეცით ჩვენი სახლიდან, დიდხანს არაფერი ვიცოდით ბებია-ბაბუაზე და ვოცნებობდი, რომ ჩვენი სახლი გადარჩენილიყო დაწვას. რადგან დედაჩემი ჟურნალისტია, ომის შემდეგ ჩემს ოჯახში თავს იყრიდა ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ისტორიები.

9-10 წლის ასაკში ვეცნობოდი იმ სასტიკ ამბებს, რომელიც საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ მშვიდობიან მოსახლეობას შეემთხვა და დიდხანს ვიყავი შთაბეჭდილების ქვეშ. როცა ჩემი კვლევის ინტერესები პატარა სახელმწიფოების ქცევას, არაღიარებას და რეინტეგრაციას დაუკავშირდა, აფხაზეთის საკითხს უკვე მაკროსურათში შევხედე. სწორედ ეს დამეხმარა ომის მსხვერპლის პოზიციიდან გამოვსულიყავი და უფრო რაციონალურად შემეხედა ჩვენი მდგომარეობისთვის; უკეთ გამეგო, ვინ ვართ და როგორი უნდა იყოს ჩვენი მომავალი.

თუმცა ძალიან გამიჭირდა რაციონალობის შენარჩუნება 2017 წლის ოქტომბერში, როდესაც გალში ჩემი გამზრდელი ბაბუა გარდაიცვალა და ენგურს გამოღმა მყოფი ვერც ერთი ოჯახის წევრი ვერ გამოვემშვიდობეთ მას. უბრალოდ, არ შეგვიშვეს. მას შემდეგ, მაქვს უსამართლობის საშინელი განცდა და აღარ შემიძლია მივიღო მონაწილეობა ქართულ-აფხაზურ დიალოგებში, სადაც არასოდეს განხილულა რეალური თემები და ძირითადად იმის შესახებ მიდის ხოლმე დავა, რატომ ვერ იღებენ აფხაზები ამერიკულ ვიზებს რუსული პასპორტებით.

მე თუ მკითხავთ, ჩემს თავს, პირველ რიგში, აფხაზეთელად მივიჩნევ. ჩემი იდენტობა აფხაზეთურია. ჩემი ოჯახის ყველაზე უხუცესი წევრის მოგონებებშიც კი მისი წინამორბედი ყველა თაობაც ამ მიწაზე დაიბადა. აფხაზეთი ჩვენი სამშოლოა და ჩვენ სხვა სამშობლო არ გაგვაჩნია. აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაზე ფიქრისას პირველი სწორედ ეს მახსენდება. მეორე კი ის, რომ ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის ომის ტრავმებიდან გამოსული. ბოლო სამი ათეული წელია, მუდმივად ხდებოდა აფხაზეთიდან დევნილთა ტრავმების გაუფასურება და მიჩქმალვა. სოხუმის დაცემიდან 25 წლის შემდეგ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მოვახერხეთ, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა ამ დღეს სოხუმის დაცემის დღე უწოდონ და ფსევდოპოლიტკორექტულობაში ჩაძირულებმა „კონფლიქტის დასრულებას“ არ მიუძღვნან 27 სექტემბრის ღონისძიებები.

მეორე მხრივ, თუ გავაანალიზებთ საქართველოს მთავრობების ბოლო ათწლეულების პოლიტიკას, ძალიან რთულია, იქ რამე თანმიმდევრულობა იპოვო და რეალური შეთავაზებები აფხაზების მიმართ მინიმუმ ათი წლით ჩამორჩება ხოლმე დროს. მაგალითად, სტატუსნეიტრალურ დოკუმენტებს მაშინ ვთავაზობდით აფხაზებს, როდესაც მათ უკვე რუსული პასპორტები შესთავაზეს, ვავითარებთ ვაჭრობას რუხში,  როდესაც აფხაზეთიდან გადაადგილება ბევრს სიცოცხლის ფასად უხდება. ისეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, სადაც რუსეთი კონფლიქტის მხარეა და ეს დასავლეთსა და რუსეთს შორის გლობალური კონფრონტაციის ნაწილია, ვფიქრობ, ეს მოცემულობა კიდევ ბევრი ისეთი პროგრამის შემუშავების საშუალებას იძლევა, რომელიც ვერასოდეს შეარიგებს ენგურის ორ ნაპირს.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის აფხაზეთის საკითხი თვითგამორკვევასთან და თავისუფლებისთვის ბრძოლასთან უფრო ასოცირდება, ძალიან მიჭირს დღეს დამოუკიდებელ აფხაზეთზე ვისაუბრო. ამ მოცემულობით, აფხაზები ვერც საზღვარს აკონტროლებენ და იქ რუსი ჯარისკაცები დგანან, არც ეროვნული ვალუტა აქვთ და ეკონომიკა რუსეთის ფედერაციის მიერ არის სუბსიდირებული, არც სრულყოფილი განათლება აქვთ მშობლიურ ენაზე და აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ქალაქები შენდება. ეს ტერიტორია ფაქტობრივად ანექსირებულია.

არსებობს ილუზია, რომ საქართველოს მიერ აფხაზეთის აღიარება გადაჭრის პრობლემებს. მოდით, ისიც ვაღიაროთ, რომ 1993 წლის 27 სექტემბრამდე აფხაზეთში მაცხოვრებელი ადამიანისთვის ის მიწაა სამშობლო. კიდევ, იმის აღიარებაც გახდება საჭირო, რომ ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად, ადამიანები თანასწორები არიან და გალში დაბრუნებულ ქართველებს ვეღარავინ აუკრძალავს მშობლიურ ენაზე სწავლას, აღარ იქნება შესაძლებელი, დროებითი მცხოვრებლის უფლებით სარგებლობდეს ადამიანი, რომელსაც არასოდეს უცხოვრია აფხაზეთს გარეთ და ვერც მისი სახლი გახდება სხვისი, რადგან თავად ააშენა ათწლეულების წინ. აღიარებასა და სუვერენული სახელმწიფოს სტატუსს (თუ, რა თქმა უნდა, მეორე რუსეთობა არ უნდა აფხაზეთს), ბევრი უფლება და უფრო მეტი პასუხისმგებლობა ახლავს თან.

ამიტომაც, ჩემი მშობლების თაობისგან განსხვავებით, მე დიდი ხანია აღარ მაქვს აფხაზეთში დაბრუნება რომანტიზებული და მხოლოდ ადამიანის უფლებების კუთხით ვუყურებ ამ ყველაფერს. მე მაქვს ჩემს სახლში თავისუფლად გადაადგილების უფლება, მაქვს ოჯახის ერთიანობის უფლება, მაქვს ჩემი და წინაპრების ქონებაზე წვდომის უფლება, მაქვს ჩემი ოჯახის წევრების დატირების და მათი საფლავების მონახულების უფლება.

დაბოლოს, ჩემი აზრით, ყველაზე მეტი, რაც ქართველებს შეგვიძლია აფხაზებს შევთავაზოთ, ეს არის ჩვენი განვითარებისა და შესაძლობლების გზის გაზიარება. რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, ჩვენ დიდხანს და დაჟინებით მოგვიწევს ამ შეთავაზების განმეორება აფხაზებთან, სანამ აზრს დაკარგავს განვითარებაზე უარის თქმა, უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის დემონიზება ეთნიკურობის ნიშნით.


გაეცანით რუბრიკის “მოქალაქეების აზრი კონფლიქტებზე” სხვა მასალებს აქ.


მასალების გადაბეჭდვის წესი