ახალი ამბები

ანა ბაგრატიონის შესაძლო ცემაზე გამოძიება დაიწყო

29 მარტი, 2019 • 2858
ანა ბაგრატიონის შესაძლო ცემაზე გამოძიება დაიწყო

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შესაძლო ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულიხმობს.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის მტკიცებით, დავით ბაგრატიონმა ყოფილი ცოლი 2014 წელს სცემა. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის სიუჟეტში საუბარია ექსპერტიზის ეროვნული ბიურის მიერ გაცემულ დასკვაზე, რომელიც 2014 წლის 20 მაისს არის გაცემული.

ანა ბაგრატიონის ადვოკატის მტკიცებით, ცოლს დავით ბაგრატიონმა რამდენიმე დღით ადრე, 2014 წლის 9 მაისს სცემა. მისი ადვოკატის ლევან გორელაშვილის თქმით, ცემის ფაქტზე ანა ბაგრატიონს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მიუმართავს.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე ცემის ფაქტს უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ თუ შსს მომხდარზე გამოძიებას დაიწყებს, დავით ბაგრატიონი გამოძიებასთან ითანამშრომლებს. ადვოკატის თქმითვე, საინტერესოა, რატომ დაიწყო ანა ბაგრატიონმა ცემაზე მაშინ საუბარი, როცა ყოფილ ქმართან სამეფო ტიტულთან დაკავშირებით სასამართლო დავა აქვს.

ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკებმა დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სასამართლოში უჩივლეს. ბაგრატიონთა ერთი შტო – ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკები მეორე შტოს წარმომადგენლისგან – დავით ბაგრატიონ-მუხრანელისგან მოითხოვენ, შეწყვიტოს “საქართველოს სამეფო სახელის” უნებართვოდ გამოყენება.

მასალების გადაბეჭდვის წესი