ახალი ამბები

რეპორტაჟი სასამართლოდან, სადაც ბაგრატიონები “პრივილეგიებზე” დავობენ

12 მარტი, 2019 • 4541
რეპორტაჟი სასამართლოდან, სადაც ბაგრატიონები “პრივილეგიებზე” დავობენ

დღეს, 12 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაიწყო ბაგრატიონთა დინასტიის ორ შტოს არსებული დავის განხილვა, რომელიც არარსებული სამეფოს პრივილეგიებით სარგებლობას ეხება.

ბაგრატიონთა ერთი შტო – ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკები მეორე შტოს წარმომადგენლისგან – დავით ბაგრატიონ-მუხრანელისგან მოითხოვენ, შეწყვიტოს “საქართველოს სამეფო სახელის” უნებართვოდ გამოყენება.

სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ პროცესზე მოსარჩლის შუამდგომლობით მოწვეულ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, გიორგი ოთხმეზურს ექსპერტის სტატუსით მოუსმინა. მხარეებმა ექსპერტს ბაგრატიონთა ორივე შტოს წარმომავლობაზე დაუსვეს კითხვები.

როგორც გიორგი ოთხმეზურმა სასამართლოზე განაცხადა, ბაგრატიონ-გრუზინსკები ერეკლე მეორის პირდაპირი შთამომავლები არიან, ბაგრატიონ-მუხრანელები კი- ბაგრატიონთა გვერდითი შტოს წარმომადგენლები.

კერძოდ, მისი განმარტებით, ბაგრატიონთა ეს შტო ქართლში დიდებული თავადების სტატუსით 1658 წლამდე სარგებლობდა, სანამ როსტომ ხანმა მუხრან-ბატონების საგვარეულოს წარმომადგენელი ბახუტა არ იშვილა, რითაც ის, ექსპერტის თქმით, თავის საგვარეულოში ჩართო.

გიორგი ოთხმეზურის განცხადებით, ბაგრატიონ-მუხრანელები ქართლს 70 წლის განმავლობაში მართავდნენ:

“მათ აქვთ თავიანთი დამსახურება, ქართლის მეფეები იყვნენ. მათი ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ დამდგარა, რადგან ისინი ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა არა -საგვარეულოს ძირითადი შტოსი”, – თქვა ისტორიკოსმა სასამართლოში.

მოსამართლე დაინტერესდა, რას გულისხმობდა ექსპერტი, როდესაც ბაგრატიონთა სახლი ახსენა და რა წყაროს ეყრდნობა ეს ინფორმაცია, რაზეც ექსპერტმა უპასუხა, რომ ამ ტერმინში ბაგრატიონთა დინასტიის შთამომავლობას მოიაზრებს.

მოსამართლე ასევე დაინტერესდა, გამომდინარე იქიდან, რომ ორივე მხარე ბაგრატიონია, შესაძლებელია თუ არა ორივე მათგანის ბაგრატიონთა სახლის წევრებად მოვიაზროთ, რაზეც ექსპერტმა განაცხადა, რომ ასეა, თუმცა სხვადასხვა რანგის წევრები არიან:

“ბაგრატიონებში მოიაზრებიან ყველა, თუმცა მუხრან-ბატონები და დავითიშვილები არიან რანგით უფრო დაბალი, ვიდრე ბაგრატიონ-გრუზინსკები” – ამბობს ექსპერტი.

მოსამართლეთა კოლეგია დაინტერესდ,ა რას ეფუძნებოდა ექსპერტის მსჯელობა და ხომ ვერ დაასახელებდა ის რაიმე სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ბაგრატიონთა სახლში იერარქიის განსაზღვრას არეგულირებს. ამის საპასუხოდ გიორგი ოთხმეზურმა აღნიშნა, რომ ამგვარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და მორალური და ზნეობრივი, ასევე ისტორიული გამოცდილების მიხედვით მსჯელობს:

“ერთი მემკვიდრე ჰყავს ამ ორ შტოს, დავითისა და ანას შვილის, გიორგი სახით. მას რა პერსპექტივა აქვს, ის შეიძლება ჩაითვალოს მომავალში სამეფო სახლის მეთაურად?” – იკითხა მოსამართლემ, რაზეც ექსპერტმა თანხმობა გნაუცხადა.

ამის შემდეგ მოსამართლე დაინტერესდა ექსპერტის აზრით, რაზე დავობენ ეს ადამიანები დღეს, რამდენად რელევანტურია ეს დავა იმ პირობებში, როდესაც მათ საერთო შთამომავალი ჰყავთ:

“დღესდღეობის, მედლებისა და ორდენების გაცემის უფლება დავით ბაგრატიონ-მუხრანელს არ აქვს, მას კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკებთან და თუ ისინი ჩათვლიან საჭიროდ, ეს მათთან შეთანხმებით უნდა გააკეთოს”, – თქვა ოთხმეზურმა.

მოსამართლის კითხვის საპასუხოდ, ჰქონდა თუ არა რაიმე ქონებრივი ან იურიდიული დატვირთვა დღესდღეობით ბაგრატიონთა მიერ გაცემულ ორდენებსა თუ სიგელებს, ექსპერტმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ სიმბოლური შეიძლება იყოს:

“თქვენ ხომ ბრძანეთ, რომ სამეფო სახლში ერთიანდებიან ბაგრატიონები, როგორც ძირითადი, ისე – გვერდითი შტოს წარმომადგენლები, რატომ არ უნდა შეეძლოს თუნდაც სიმბოლური ჯილდოების გაცემა დავით ბაგრატიონ-მუხრანელს?” – იკითხა მოსამართლემ, რაზეც ექსპერტმა გაიმეორა, რომ ეს გარკვეული იერარქიით უნდა მოხდეს. თუმცა, კითხვაზე, ამის სამართლებრივი საფუძველი რა შეიძლება იყოს, პასუხი ვერ გასცა.

ექსპერტის თქმით, დავითი მართლაც არის ბაგრატიონთა სახლის წევრი, თუმცა ის უფროსი არაა. მოსამართლეებმა მას რამდენჯერმე ჰკითხეს, თუ რა განსაზღვრავდა უფროსის წესს, რაზეც ექსპერტმა განაცხადა, რომ ამას გენეალოგია განსაზღვრავდა.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ბაგრატიონთა სახლის მეთაური უნდა იყოს ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი მისი წარმომავლობიდან გამომდინარე. კითხვაზე, შეიძლება თუ არა ამ სახლის მეთაური იყოს მისი შვილი, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი , ექსპერტმა განაცხადა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნუგზარი მას მოსაყდრედ დანიშნავს:

“ასეთი წესი იყო ჩვენთან, თანამოსაყდრეობის წესი ერქვა და ეს იყო მემკვიდრის ტახტისთვის მომზადება. სანამ მეფე ცოცხალია, ეს დამკვიდრებული წესი იყო. ამიტომ მეთაური არის ბატონი ნუგზარი და ქალბატონი ანა შეიძლება იყოს მისი მოსაყდრე”, – თქვა გიორგი ოთხმეზურმა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 11 აპრილს დაინიშნა, რომელზეც მოსამართლეთა კოლეგია მოსარჩლის მიერ მოწვეულ კიდევ ერთ ექსპერტს, როინ მეტრეველს მოუსმენს.

რა იცი თანამედროვე ბაგრატიონებზე? – ტესტი

მასალების გადაბეჭდვის წესი