ახალი ამბები

„სამეფო სახლის“ მეთაური მელიას დაკავების გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს

18 თებერვალი, 2021 • 1553
„სამეფო სახლის“ მეთაური მელიას დაკავების გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს

„საქართველოს სამეფო სახლის“ მეთაური დავით ბაგრატიონ-მუხრანელი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

„მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების გამო, გამოვთქვამ ჩემს უკმაყოფილებას ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ამჟამინდელი ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ მიღებული გადაწყვეტიოლების გამო.

მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, ჩაერთონ მოლაპარაკებაში, რომ პროცესებმა ქუჩიდან და სასამართლოდან გადაინაცვლოს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენი საყვრელი სამშობლოს საერთაშორიო იზოლაცია. საქართველო გვეკუთვნის ჩვენ ყველას, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებების, წარმოშობისა და სარწმუნოებისა“, – ნათქვამია განცხადებაში.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ერთ-ერთია ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელთა შორის, რომელიც „საქართველოს სამეფო სახლის“ პრივილეგიებისთვის იბრძვის.

რეპორტაჟი სასამართლოდან, სადაც ბაგრატიონები “პრივილეგიებზე” დავობენ

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მელია და ოპოზიციის ლიდერები ენმ-ს სათაო ოფისში შეიკრიბნენ. და ამბობდნენ, რომ პოლიციას ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არ მისცემდნენ.

დღეს, 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

გახარიას გადადგომის შემდეგ შსს-მ თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო მელიას დაკავების ღონისძიება გადაიდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი