ახალი ამბები

სოცსამსახურები გაფიცვის შემდეგ მხოლოდ ახალ განცხადებებზე ფოკუსირდებიან – ომბუდსმენი

29 მარტი, 2019 • 1069
სოცსამსახურები გაფიცვის შემდეგ მხოლოდ ახალ განცხადებებზე ფოკუსირდებიან – ომბუდსმენი

სოციალური მუშაკები გაფიცვას აგრძელებენ. გაფიცვის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება და ამბობს, რომ სოცმუშაკებისთვის ნორმალური სამუშაო პირობების შექმნა აუცილებელია.

სოციალური მუშაკების გაფიცვის პარალელურად, სახალხო დამცველის აპარატმა მოინახულა სოციალური სამსახურები და მათი თქმით, აღმოჩდა, რომ ეს სამსახურები ძირითადად ახლად შემოსულ განცხადებებზე ფოკუსირდებიან და არა სხვა მიმდინარე საქმეებზე.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ არ ხდება გეგმური ვიზიტები და სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგი.

„გაფიცულ სოცმუშაკთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებით ჩანაცვლება ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს მდგომარეობის გაუმჯობესებას თუნდაც მსტ ბავშვთა სახლებში, სადაც მონიტორინგმა ბავშვებს შორის ძალადობა, მათ შორის სექსუალური ძალადობა გამოავლინა. საგანგაშოა, რომ ამ ფაქტებზე არცერთ პასუხისმგებელ სამსახურს რეაგირება არ მოუხდენია“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გუშინ, 28 მარტს, სოციალურ მუშაკთა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, მათ შორის, მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მინისტრმა განაცხადა, რომ გარკვეული შეთანხმება შედგა და მისი აზრით, გაფიცვა მალე შეწყდება.

თუმცა ამ პოზიციას არ იზიარებენ თავად გაფიცულები, მათი თქმით, სამინისტრო მოთხოვნების მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებას გეგმავს, ისინი კი სისტემურ ცვლილებებს ითხოვენ.


სოციალური მუშაკები 25 მარტს გაიფიცნენ. ისინი წინასაგაფიცვო პროცესში დაახლოებით 2 თვის განმავლობაში იყვნენ, რა დროსაც სამინისტროსა და სოცმუშაკებს შორის მედიაციის პროცესის დაიწყო.

თუმცა 21 მარტს სოცმუშაკებმა განაცხადეს, რომ მედიაცია უშედეგოდ დასრულდა და სამინისტრო მათ მოთხოვნებს, მათ შორის, დარეგულირებულ გრაფიკსა და ტრანსპორტზე გამოყოფილ ფინანსურ რესურსს, არ შეასრულებს.

სოციალური მუშაკები გაფიცვის მიზეზად ასახელებენ ტრანსპორტის პრობლემას, ბენეფიციართა დასახმარებლად საჭირო რესურსების ნაკლებობას, არასათანადო სამუშაო პირობებსა და დაბალ ანაზღაურებას. ისინი ამბობენ, რომ შეზღუდული რესურსების გამო ვერ ახერხებენ ადამიანებისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევას და ხშირად უწევთ თავიანთი პირადი ფინანსების დახარჯვა ბენეფიციართა პრობლემების მოსაგვარებლად.

ამავე თემაზე:

ზრუნვა “შიშველი ხელებით” ბავშვებსა და მოხუცებზე – 4 ყველაზე მძიმე ამბავი სოცმუშაკისგან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი