ახალი ამბები

მე ვფიქრობ, ხვალიდან გაფიცვა დასრულდება – სერგეენკო სოცმუშაკებზე

28 მარტი, 2019 • 1153
მე ვფიქრობ, ხვალიდან გაფიცვა დასრულდება – სერგეენკო სოცმუშაკებზე

დღეს, 28 მარტს, გაფიცული სოციალური მუშაკებისა და ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მინისტრმა განაცხადა, რომ პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩა და ხვალიდან სოციალური მუშაკების გაფიცვა, სავარაუდოდ, დასრულდება.

“მე ვფიქრობ, რომ გაფიცვა დასრულდება. საბოლოო შეთანხმება არის, რომ უკლებლივ ყველა პუნქტი განვიხილეთ, გავაანალიზეთ. საბოლოოდ, მათი პოზიცია იყო, რომ ჩვენ მიერ მიღწეულ შეთანხმებას ფორმალიზებულად, დოკუმენტის სახით გააცნობენ სხვადასხვა სოციალურ მუშაკს, მოისმენენ მათ მოსაზრებებს და ამის მერე მიიღებენ გადაწყვეტილებას გაფიცვის შეწყვეტაზე.

თუმცა, აქ მათი საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია იყო და არცერთი კითხვა არ დარჩენილა პასუხგაუცემელი. ვფიქრობ, ხვალიდან გაფიცვა შეწყდება და გეგმური მუშაობა გაგრძელდება”, – ამბობს დავით სერგეენკო.

რაც შეეხება ხელფასის ზრდას, სერგეენკო განმარტავს, რომ სოციალურ მუშაკებს 9 თვის შემდეგ ხელფასი გაეზრდებათ, მანამდე კი სამინისტრო გარკვეულ ფინანსურ ხარჯებს, მათ შორის ტრანსპორტზე, შეუმცირებს. მინისტრის თქმით, უკვე დაწყებულია სოცმუშაკებისთვის მანქანების გამოყოფა.

“ფსიქოლოგზე და იურისტზე მათ ნაწილობრივი ინფორმაცია ჰქონდათ. თბილისში უკვე მივიღეთ ერთი ფსიქოლოგი, მაგრამ მე ვთქვი, რომ კიდევ მივიღებთ და  ერთით არ შემოვიფარგლებით. ფსიქოლოგები დაემატება რეგიონებშიც. ამ კონკრეტულ საკითხებზე – იურისტებსა და ფსიქოლოგებზე – ჩვენ ერთკვირიანი ვადა ავიღეთ, რომ ერთობლივად ვიმუშაოთ და რეგიონების მიხედვით გავწეროთ რეალური რაოდენობა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ავიყვანთ”, – განმარტა სერგეენკომ.

რაც შეეხება გაფიცულ სოციალურ მუშაკებს, მათი თქმით, გაფიცვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, მათ სამინისტროსგან სამოქმედო გეგმის დეტალური დოკუმენტაცია უნდა მიიღონ და გააცნონ სხვა სოცმუშაკებს. სწორედ ამის შემდეგ, ისინი მიიღებენ რაიმე სახის კონკრეტულ გადაწყვეტილებას.

ამავე თემაზე:

ზრუნვა “შიშველი ხელებით” ბავშვებსა და მოხუცებზე – 4 ყველაზე მძიმე ამბავი სოცმუშაკისგან

მასალების გადაბეჭდვის წესი