ახალი ამბები

სტუდენტები მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან

23 სექტემბერი, 2014 • • 1679
სტუდენტები მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან

სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისის მერიასთან დღეს, 15:00 საათზე შეიკრიბნენ. ისინი უნივერსიტეტთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობის შეჩერებას და მერთან შეხვედრას ითხოვდნენ.

 

“2 სასწავლო კორპუსი,  საქართველოს ერთ–ერთი უდიდესი ბიბლიოთეკა, საგამოცდო ცენტრი, სადაც 20 000 ადამიანი აბარებს გამოცდას, გვერდით გაზგასამართი სადგურის მშენებლობა რომელ ქალაქის განვითარების ლოგიკაში ჯდება?”– ამბობს აქციის მონაწილე ლევან ლორთქიფანიძე.

 

სტუდენტები მოითხოვენ, რომ კომპანიას, რომელიც გაზგასამართ სადგურს აშენებს, ალტერნატიული ფართი გამოეყოს და აღნიშნული ტერიტორია კვლავ უნივერსიტეტის ფაქტობრივ სარგებლობაში დარჩეს.

 

მერიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ აღნიშნული ტერიტორია არ ეკუთვნის და არც არასდროს ეკუთვნოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ის ეკონომიკის სამინისტრომ ელექტრონული აუქციონის ფორმით 1,02 მილიონ ლარად 2013 წლის 15 ოქტომბერს გაასხვისა. მერიაში ამბობენ, რომ ტერიტორია მაღლივი კურპუსიდან მინიმუმ 400 მეტრის დაშორებით მდებარეობს.

“პროექტი შედგენილია უსაფრთხოებისა და ყველა სხვა ტექნიკური მოთხოვნის სრული დაცვით,”– ნათქვამია მერიის განცხადებაში.

სტუდენტები კი გაზგასამართი სადგურის უნივერსიტეტთან ახლოს მშენებლობას ეჭვის თვალით უყურებენ:

“კი ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულიაო, მაგრამ სულ რამდენიმე თვის წინ გვახსოვს ერთი ძალიან ცნობილი ნავთობორგანიზაცია, რომელიც ვითომ მსოფლიო სტანდარტებს აკმაყოფილებს, მისი ავზი და მისი გასამართი სადგური აფეთქდა. ეს იყო გლდანში.

ასე რომ, რაც უნდა ხმამაღლა ისაუბრონ უსაფრთხოების ნორმებზე, მაინც საეჭვოა ჩვენთვის,”– ამბობს ლევან ლორთქიფანიძე.

თბილისის მერმა სტუდენტები აქციის დაწყებიდან დაახლოებით 1 საათში მიიღო.

 

შეხვედრის შემდეგ დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ნებართვა გაზგასამართი სადგურის მშენებლობის შესახებ, რომელიც თბილისის მერიამ გასცა, ყველა ძირითად მოთხოვნას პასუხობს. მერის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროსა და სტუდენტებს შორის სამუშაო შეხვედრები გაიმართება. შეხვედრებში მერის მოადგილეც მიიღებს მონაწილეობას.

“ეკონომიკის სამინისტროსგან მიიღებენ სტუდენტები რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროექტზეა საუბარი, რა მოცულობის ინვესტიციაზეა საუბარი,” – ამბობს თბილისის მერი.

როგორც დავით ნარმანიამ თქვა, წლების განმავლობაში მივიწყებული ტერიტორია სტუდენტებისთვის უფრო მიმზიდველი და საინტერესო უნდა გახდეს.

“მეორე მხრივ, ბიზნეს–ინტერესებიც გასათვალისწინებელია და ინვესტიციაც გასათვალისწინებელია,”– თქვა ნარმანიამ

აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ შეხვედრის შემდეგ დავით ნარმანიას განცხადება “არ იყო იმის გამოძახილი, რაც ვისაუბრეთ მოლაპარაკების დროს”.

“ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ეკონომიკის სამინისტროსთან, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და მერიასთან ერთად და ჩვენ, სტუდენტები ვიმუშავებთ ამ პრობლემების მოგვარებაზე,” – თქვა ორგანიზატორმა.

ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ მშენებლობის შესაჩერებლად ბოლომდე იბრძოლებენ.

მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტის ლექტორმა, ვლადიმერ პაპავამაც გამოაქვეყნა, სადაც თბილისის მერიასა და საკრებულოს მოუწოდებდა, რომ საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების ინტერესები გაეთვალისწინებინათ.

“ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ახალგაზრდების უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფას, აფერხებს საუნივერსიტეტო სივრცის განვითარების შესაძლო პროექტებს,”– ნათქვამია ვლადიმერ პაპავას განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი