ახალი ამბები

ჩვენს ხელისუფლებაში არ არიან პრივილეგირებული მინისტრები – ბახტაძე ქობულიას გაქურდვაზე

28 მარტი, 2019 • 945
ჩვენს ხელისუფლებაში არ არიან პრივილეგირებული მინისტრები – ბახტაძე ქობულიას გაქურდვაზე

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას სახლის გაქურდვის თაობაზე.

“თუ მეკითხებით, რატომ მაინცდამაინც რომელიმე მინისტრის სახლი, ჩემი პასუხი იქნება, რომ ჩვენს ხელისუფლებაში არ არიან პრივილეგირებული მინისტრები. ასეთი რაღაც ყველგან შეიძლება მოხდეს”, – განუცხადა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება იმას, რომ შსს თავდაპირველად არ ადასტურებდა ინფორმაციას ეკონომიკის მინისტრის სახლის გაქურდვის შესახებ, ბახტაძემ თქვა, რომ უწყებამ  დაიწყო გამოძიება და ინფორმაცია ამის შესახებ არის საჯარო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას აგარაკის გაქურდვის ბრალდებით  დააკავეს 1990 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.უ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 16 მარტს დაბა წყნეთში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას აგარაკზე უკანონოდ შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მ.უ. მომხდარიდან მალევე თბილისში დააკავეს. პოლიციამ  ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

თავდაპირველად, ინფორმაცია მომხდარის შესახებ “რუსთავი 2”-მა გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ამ ინფორმაციას ვერ დაადასტურებდნენ, რადგან შეტყობინება არ იყო შესული. თავად გიორგი ქობულია კი ამბობდა, რომ ეს იყო “პირადი საკითხი”, რის გამოც ფაქტზე საერთოდ არ ისაუბრა.

რამდენიმე კვირის წინ გაქურდეს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის სახლიც, რა დროსაც წაიღეს სეიფი. სეიფში დეპუტატის სახელზე რეგისტრირებული იარაღი და ფული იყო განთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი