ახალი ამბები

გაფიცვის მე-4 დღე: როგორია სოცმუშაკების სამომავლო გეგმები

28 მარტი, 2019 • 1637
გაფიცვის მე-4 დღე: როგორია სოცმუშაკების სამომავლო გეგმები

უკვე მეოთხე დღეა, რაც სოციალური სააგენტოს თითქმის ყველა სოცმუშაკი გაიფიცა და პერიოდულად მართავს კანცელარიის წინ აქციებს. თუმცა დღეს, 28 მარტს, ისინი ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და უწყების სხვა წარმომადგენლებთან გეგმავენ შეხვედრას.

შეხვედრა 12 საათზეა დანიშნული, სადაც, როგორც სოცმუშაკები განმარტავენ, მათი წარმომადგენლები მივლენ და თავიანთ მოთხოვნებზე კიდევ ერთხელ ისაუბრებენ.

მედიაციის პროცესის დასრულების შემდეგ, რომელსაც სოცმუშაკები “უშედეგოდ” აფასებენ, სამინისტრო გარკვეული შემოთავაზებებით გამოვიდა. უწყებამ თქვა, რომ სოცსააგენტოში რეორგანიზაცია დაიწყო და გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა, მათ შორის, თბილისს მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი დაემატა და თითო რეგიონს კი, ერთი 24-საათიანი მანქანა.

თავად სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ ეს ნაბიჯები მიზერულია და რეალურ სურათს ვერ შეცვლის, ვინაიდან თბილისში მხოლოდ 2 ფსიქოლოგი ასობით ბენეფიციარს ვერ გასწვდება. რაც შეეხება ტრანსპორტს, მხოლოდ ერთი მანქანა რეგიონზე, სადაც ათობის სერვისცენტრია, სოციალური მუშაკების თქმით, არაფერს შეცვლის.

სოციალურმა მუშაკებმა დღეს, 28 მარტს, კიდევ ერთი ბრიფინგი გამართეს, სადაც თქვეს, რომ “სოციალური მუშაობის ხელშემწყობი საკოორდინაციო საბჭოს” მიერ დამტკიცებული 4-პუნქტიანი გეგმა, რომელზეც მედიაციის პროცესში მსჯელობა მიმდინარეობდა, თავიდანვე მიუღებელი იყო მათთვის და პრობლემების მხოლოდ ფასადურ მოგვარებას ემსახურებოდა.

შეთავაზებები, რომლებიც გაფიცულმა სოციალურმა მუშაკებმა სახელმწიფოსგან მიიღეს, ამ 4-პუნქტიანი გეგმას ეფუძნება.

რას ითვალისწინებს 4-პუნქტიანი გეგმა და რატომ არის ის სოციალური მუშაკებისთვის მიუღებელი

სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ ზემოხსენებული გეგმა სამინისტროსთან ბოლოს 20 მარტს, ორმხრივი შეხვედრის დროს განიხილეს, თუმცა, უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ, მედიაციის პროცესი წარუმატებლად გამოაცხადეს და პროტესტის უკიდურეს ფორმას – გაფიცვას მიმართეს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე გაფიცულებმა შვიდი მიზეზი დაასახელეს, თუ რატომ იქნება უშედეგო გეგმის იმპლემენტაცია.

სოციალური მუშაკების თქმით, “გეგმა ითვალისწინებს სოციალური მუშაკების სამუშაოს რაოდენობრივი და თვისებრივი მოცულობის გადახედვას, რის საფუძველზეც დამტკიცდა ბრძანება “სოციალური სამუშაოს ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობის შესახებ”, რომლის მიხედვიდაც, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მოხდება სპეციალისტეების გამოყოფა, ვინც შეასრულებს იმ ტექნიკურ სამუშაოს, რომელიც სოციალური მუშაკის პროფესიულ ვალდებულებებში არ შედის”. სოცმუშაკები ამ ჩანაწერზე ამბობენ, რომ ტერმინი “საჭიროების შემთხვევაში” მათთვის გაურკვეველია, ვინაიდან არ არის გაწერილი, თუ ვინ და როგორ განსაზღვრავს, რას გულისხმობს ეს საჭიროება.

“…. და რაც მთავარია, აღნიშნულზე გადაწყვეტილებას იღებენ რაიონული განყოფილებების უფროსები, რომლებმაც არ იციან სოციალური სამუშაოს სპეციფიკურობა. ასევე, არ არის განსაზღვრული ზუსტი პროგრამები, რომლისგანაც მოხდება სოციალურ მუშაკთა სამუშაოს განტვირთვა.

შესაბამისად, აღნიშნული ბრძანება არის ფასადური და რეალურად, სოციალურ მუშაკების სამუშაოს მოცულობის შემცირებას საერთოდ არ ითვალისწინებს. ვითხოვთ, შეიცვალოს სოციალური მუშაკის სამუშაო აღწერილობა, სადაც არ იქნება ტექნიკური საქმიანობა გაწერილი”, – ამბობენ სოციალური მუშაკები.

2. სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ სამინისტროს გეგმაში საუბარია “ტექნიკურ ხელშეწყობაზე”. 

გაფიცულების თქმით, სამინისტრომ თქვა, რომ სოციალური მომსახურების სერვისცენტრებში არსებული მდგომარეობა კონფიდენციალური საუბრების ოთახებისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით უკვე შესწავლილია. თუმცა თავად იქ დასაქმებულები განმარტავენ, რომ მათთვის არ არის ცნობილი, თუ რა გადაწყვიტა სამინისტრომ შესწავლის შემდეგ.

“გეგმა ითვალისწინებს მხოლოდ შესწავლას, რაც ისედაც ცალსახაა. იმას, რომ ყველა სერვისცენტრი უნდა იყოს უზრუნველყოფილი კონფიდენციალური ოთახებით, რათა არ დაირღვეს ბენეფიციარის უფლება, შესწავლა არ სჭირდება,” – აცხადებენ სოციალური მუშაკები.

3. “მინისტრის თქმით, თითოეული რეგიონს გადაეცა თითო მანქანა, რომელიც 24 საათის განმავლობაში უშუალოდ სოციალური მუშაკების განკარგვაშია. 15 აპრილამდე დასრულდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძიება სხვა სამინისტროებში. აპრილის ბოლომდე კი დასრულდება ყველა არსებული და საჭირო რესურსის აღწერა”.

რაც შეეხება ამ ჩანაწერს, სოცმუშაკები ამბობენ, რომ მიუხედავად ამ დაპირებისა, დღეს არცერთ რეგიონში არ დგას მანქანა და არ არის ცნობილი, თუ რამდენი მანქანა გამოიყოფა და როგორ დაიგეგმება რაიონული განყოფილებების ტრანსპორტით უზრუნველყოფა.

“მინისტრის განცხადებით, თთო რეგიონს ეყოლება მხოლოდ ერთი მანქანა, რაც წარმოუდგენელია იყოს ეფექტური, როდესაც, მაგალითად, იმერეთის რეგიონში 13 მუნიციპალიტეტია და სოფლებში ვიზიტის დროს ისევ 60 ლარის გადახდა მოგვიწევს ტრანსპორტირებისას,” – განმარტავენ გაფიცული სოციალური მუშაკები.

4. სოცმუშაკების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ “გეგმა ასევე ითვალისწინებს უკუკავშირის და კომუნიკაციის გაძლიერებასა და სოციალურ მუშაკთა პროფესიული მხარდაჭერის გეგმის მიხედვით, სააგენტოში დაწყებული პროფესიული სუპერვიზიის სოცმუშაკთა ფუნქციების გაწერისა და თანამშრომლების რაოდენობაზე შეთანხმების შესახებ. მოხდება რეგიონული საბჭოების მუშაობის ანალიზი და საჭიროებისამებრ ცვლილების შეტანა.”

“შექმნილია სოციალური მუშაობის ხელშემწყობი საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც წარმოდგენილი არიან სოციალური მუშაკები, სამინისტროსა და სააგენტოს ხელმძღვანელი პირები. აღნიშნული საბჭო არ არის სოციალურ მუშაკთა მოთხოვნის შესაბამისად შექმნილი, ჩვენი ძირითადი მოთხოვნა იყო, საბჭო ყოფილიყო ღია და გამჭვირვალე, სადაც ჩართულნი იქნებოდნენ როგორც სოციალური მუშაკები, ასევე, სფეროს ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და თვითონ სამინისტროს წარმომაგენლები, რათა მომხდარიყო სამოქმედო გეგმის აღსრულების მონიტორინგი. აღნიშნულზე მინისტრი კატეგორიულ უარს აცხადებს, რაც ეჭვს ბადებს შემდგომ აღსრულების ნაწილის ეფექტურობაზე,” – ამბობენ სოცმუშაკები.

5. სოცმუშაკების თქმით, გეგმა ასევე ითვალისწინებდა იმასაც, რომ “დაიხვეწება საპროცესო წარმომადგენლობის ბიზნესპორცესი უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფის ფორმაში, ასევე იგეგმება 20 სპეციალიზებული სოციალური მუშაკის გადამზადება და ჩართვა საპროცესო წარმომადგენლობაში,”

სოცმუშაკები სამინსიტროს ამ პოზიციას პასუხობენ იმით, რომ საქართველოს მასშტაბით 20 კადრის დამატება, მიმართვიანობის ძალიან მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, საკმარისი ვერ იქნება.

6. 4-პუნქტიან გეგმაში, რომელზეც სოცმუშაკები საუბრობენ, ასევე წერია, რომ “სააგენტოში დაგეგმილია ფსიქოლოგებისა და იურისტების დამატება. მინისტრის განცხადებით, თითოეულ რეგიონში არის თითო ფსიქოლოგი. უახლოეს მომავალში თბილისს კიდევ ერთი ფსიქოლოგი დაემატება. ასევე შესაძლებელია სისტემაში მომუშავე სხვა ფსიქოლოგების ჩართვაც,”

სოცმუშაკები ამბობენ, რომ როდესაც სამინისტრო თითო ფსიქოლოგის დამატებაზე საუბრობს, ის გულისხმობს მთლიან რეგიონს, მაგალითად, მთელ თბილისს, მთლიანად იმერეთს და ა.შ.  სოციალური მუშაკების მოსაზრებით, ერთი ფსიქოლოგი ასობით ბენეფიციარისთვის საკმარისი ვერ იქნება და მათ ისევ თვეობით მოუწევთ ლოდინი.

7. “ასევე, 2019 წლის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს დაემატება 50 სოციალური მუშაკი. კონკურსი უკვე დასრულებულია 30 ვაკანტურ ადგილზე. ყოველ წელს გაიზრდება სოციალური მუშაკების რაოდენობა და გადაიხედება მათი სახელფასო განაკვეთის ზრდაც,” – წერია სამინისტროს გეგმაში.

სოციალური მუშაკების მოსაზრებით, ახალი თანამშორმლები უნდა დამეატოს ისე, რომ თითოეულ დასაქმებულზე 50 საქმე დაეწეროს, ხოლო იმ სერვისცენტრებში, სადაც მხოლოდ ერთი სოციალური მუშაკი მუშაობს, დაემატოს მეორე კადრი.

“ხელფასთან დაკავშირებით ჩვენთვის არ არის დამაკმაყოფილებელი მხოლოდ და მხოლოდ გადახედვა. ჩვენი მოთხოვნაა, ხელფასი პირველ ეტაპზე 30%-ით გაიზარდოს”, – ამბობენ სოციალური მუშაკები.

ზრუნვა “შიშველი ხელებით” ბავშვებსა და მოხუცებზე – 4 ყველაზე მძიმე ამბავი სოცმუშაკისგან

მასალების გადაბეჭდვის წესი