ახალი ამბებისამართალი

გაუპატიურებასა და ძარცვაში ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

27 მარტი, 2019 • 1373
გაუპატიურებასა და ძარცვაში ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

დღეს, 27 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაუპატიურებასა და ძარცვაში ბრალდებული ტაქსის მძღოლი დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, 2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 03:30 საათზე, თბილისში დ.ც-ს საკუთარი მართვის ქვეშ მყოფი ტაქსით მგზავრი – გ.ლ. გადაჰყავდა. დ.ც-მ ავტომანქანა გზის სავალ ნაწილზე გააჩერა და ძალის გამოყენებით, ცემით და მუქარით გ.ლ. გააუპატიურა.

გამოძიების მტკიცებით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი დ.ც-მ დაზარალებულს, რომელიც ავტომანქანიდან თავისი ხელჩანთის აღებას ცდილობდა, სახის არეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც გ.ლ. წაიქცა და ბორდიურს თავი დაარტყა, ხოლო დ.ც-მ ავტომანქანით შემთხვევის ადგილი დატოვა და გ.ლ-ს კუთვნილი ხელჩანთა, მასში მოთავსებული ნივთებით წაიღო.

დ.ც. 2018 წლის 31 ივლისს თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება) და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტებით (ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარუდგინა. დ.ც-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი