ახალი ამბები

კაცებისთვის განკუთვნილმა ჩასახვის საწინააღმდეგო აბმა პირველადი ტესტი წარმატებით გაიარა

26 მარტი, 2019 • 1895
კაცებისთვის განკუთვნილმა ჩასახვის საწინააღმდეგო აბმა პირველადი ტესტი წარმატებით გაიარა

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, შესაძლოა, კაცებისთვისაც შექმნან. ერთ-ერთმა ასეთმა პრეპარატმა საწყის ეტაპზე პირველადი ტესტირება წარმატებით გაიარა.

BBC კვლევითი ცენტრ BioMed-სა და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო პრეპარატს ექსპერიმენტში მონაწილე კაცებზე სერიოზული გვერდითი ეფექტი არ ჰქონია.

მეცნიერები ამბობენ, რომ ზემოხსენებული აბები კაცებისთვის შეიძლება კარგი ალტერნატივა იყოს, ვინაიდან დღესდღეობით პარტნიორის განაყოფიერების თავიდან ასაცილებლად კაცებმა ან კონდომი უნდა გამოიყენონ, ან ვაზექტომიის (თელსგამომტანი სადინრის მთლიანი ამოკვეთის) პროცედურას მიმართონ.

ფერტილურ [ნაყოფიერი] კაცებში სპერმა სათესლე ჯირკვლებში წარმოიქმნება, რისი წინაპირობაც ჰორმონებია. როგორც მეცნიერები ამბობენ, აბებზე მუშაობისას მთავარი გამოწვევა ამ ეფექტის შემცირებაა ჰორმონების დონის დაწევის გარეშე, რამაც, თავის მხრივ, რიგი გვერდითი ეფექტები და/ან ჯანმრთელობის ზოგადი გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს.

პირველად ეტაპზე აბები 40 კაცზე შემოწმდა, მათ შორის, 10-მა პლაცებო [ანუ არანამდვილი პრეპარატი] მიიღო, ხოლო 30-მა – ექსპერიმენტული აბები.

იმ კაცებს შორის, რომლებმაც ნამდვილი მედიკამენტი მიიღეს, სპერმის წარმოქმნისთვის საჭირო ჰორმონების დონე დავარდა, აბების მიღების შემდეგ კი აღდგა. რაც შეეხება გვერდით ეფექტებს, კვლევაში მონაწილე 40 კაციდან მხოლოდ რამდენიმემ განიცადა მსუბუქი ან საშუალო სიძლიერის უკუჩვენებები.

5 მონაწილის თქმით, ექსპერიმენტში მონაწილეობის დროს მათი სექსუალური მოთხოვნილებების სიმძაფრე შემცირდა, ხოლო 2-ს ერექციული დისფუნქცია აღენიშნებოდა. თუმცა, საერთო ჯამში, მათი სექსუალური აქტივობების სიხშირე არ შემცირებულა. არცერთ კაცს არ დაუტოვებია ექსპერიმენტი გვერდითი ეფექტების სიმძაფრის გამო.

მკვლევრები ამბობენ, რომ პრეპარატი მასობრივი მოხმარებისთვის ჯერ მზად არ არის, აფთიაქებში გამოჩენას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი