ახალი ამბები

ია კერზაიას საქმე პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს – ISFED

26 მარტი, 2019 • 2032
ია კერზაიას საქმე პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს – ISFED

“სამართლიანი არჩევნები” [ISFED] ია კერზაიას საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაცია წერს, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირების დაწყება და დასკვნა ია კერზაიას პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.

ISFED მიიჩნევს, რომ მოქალაქის განცხადების განხილვისა და შემოწმების დაწყების შემჭიდროებული ვადები, ინსპექტირების ფორმა, გამოცემული დასკვნა და გაცემული რეკომენდაციები აჩენს ეჭვებს ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული და შერჩევითი მიდგომის თაობაზე.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ინსპექტირების დაწყების საფუძველი ბუნდოვანია, დასკვნაში მოყვანილი შეფასებები კი, გადაჭარბებული. რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომლებიც განათლების სამინისტრომ ინსპექტირების შემდეგ გასცა – ISFED წერს, რომ აღნიშნული რეკომენდაციები ვერ პასუხობს სკოლის წინაშე მდგარი რეალური გამოწვევების გადაწყვეტას.

რა წერია ISFED-ის ანგარიშში

„სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, რომ 2018 წელს სამინისტრომ, ჯამში, 7 ინსპექტირება განახორციელა, რომელთაგან 6 ჩატარდა ნოემბრის თვეში – საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურს შორის პერიოდში. სამინისტროში ნოემბრის თვეში ჩატარებული ინსპექტირებებიდან  3 განხორციელდა სამეგრელოს რეგიონში მდებარე სკოლებში. ამასთან, 8 ნოემბერს სამინისტროში განცხადებები ერთდროულად 3 სკოლის შესახებ შევიდა, რომელთა შორის ერთ-ერთი ზუგდიდის #6 საჯარო სკოლა იყო.

“სამივე მათგანთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ ინსპექტირების დაწყებაზე გადაწყვეტილება იმავე დღეს – 8 ნოემბერს მიიღო. იმ ფონზე, როდესაც განათლების სამინისტროს 2018 წლის თებერვლის შემდეგ ინსპექტირების ჩატარების არცერთი გადაწყვეტილება არ მიუღია, გაუგებარია, როგორ მოხდა სამი სხვადასხვა სკოლის ინსპექტირების შესახებ გადაწყვეტილების ერთ დღეში მიღება, რაც ძალიან მცირე დროს წარმოადგენს სამინისტროს მსგავსი დაწესებულებისთვის განცხადების შესასწავლად და მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად,” – ვკითხულობთ ანგარიშში.

ამასთანავე ISFED აღნიშნავს, რომ ბუნდოვანია მეექვსე საჯარო სკოლაში ინსპექტირების დაწყების საფუძველიც. ანგარიშის მიხედვით,  არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ არ არსებობს მოქალაქე, რომლის სახელით, გვარითა და მისამართით სამინისტროში შევიდა განცხადება ზუგდიდის #6 სკოლის დირექტორის წინააღმდეგ.

“იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრომ ჩაიბარა და ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო განცხადებაზე, რომელიც არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით სავალდებულოდ დადგენილ რეკვიზიტებს, იკვეთება სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნები. მეორე მხრივ, თუ განმცხადებელი მოქმედებდა სხვისი სახელითა და გვარით და განცხადებაზე გააყალბა ხელმოწერა, მისი ქმედება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს,” – ამბობს ISFED.

ორგანიზაცია ასევე ხაზს უსვამს, რომ თუ სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება ანონიმური განცხადების საფუძველზე დაიწყო და ჩაატარა ინსპექტირება, ეს ქმედება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნას ეწინააღმდეგება.

ამასთანავე, ანგარიშში წერია, რომ ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დარღვევების, მათ შესახებ ია კერზაიას მიერ ინსპექტირების დაწყებამდე შესაბამის უწყებებთან გაგზავნილი წერილების და ინსპექტირების შემდეგ სამინისტროში წარდგენილი ახსნა-განმარტების ბარათის შესწავლა ცხადყოფს, რომ გამოვლენილი დარღვევებიდან:

  • სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემების შესახებ ინსპექტირების დაწყებამდე თავად სკოლის დირექტორი ითხოვდა დახმარებას;
  • ქონების განკარგვის საკითხში იჯარის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრა უკვე დაწყებული იყო;

“ლიცენზიის მოქმედების ვადაგასულ აუდიტორულ ფირმასთან თანამშრომლობის საკითხი კი არ წარმოადგენდა უნიკალურ პრობლემას მხოლოდ ზუგდიდის #6 სკოლისთვის, რადგან სამეგრელოს რეგიონის სკოლების დიდი ნაწილი იმავე ფირმის აუდიტის მოსმსახურებით სარგებლობდა, მათ შორის, ზუგდიდის #6 სკოლაში ინსპექტირების შემდეგაც – 2019 წლის იანვარში.

ამასთან, ინსპექტირების სამსახურის დასკვნაში გათვალისწინებული არ არის სკოლის დირექტორის ახსნა-განმარტება ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად სკოლის მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებებისა და სამომავლო ნაბიჯების თაობაზე,” – ვკითხულობთ ISFED-ის ანგარიშში.

ინსპექტირების დასკვნასთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, რომ დოკუმენტის ტონი და გაცემული რეკომენდაციები ორიენტირებულია სკოლაში აღმოჩენილი დარღვევების დრამატულად წარმოჩენაზე. საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად ცალსახად იკვეთება, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის ინსპექტირების სამსახურის დასკვნა და მის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციები ორიენტირებული არ არის სკოლის, როგორც სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესრულების გაუმჯობესებაზე, რაც შიდა აუდიტის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს არ შეესაბამება.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ შიდა აუდიტმა აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით საკუთარი რეკომედაციებით შესაბამის თანამდებობის პირებს დახმარება უნდა გაუწიოს ეფექტური კონტროლის გაძლიერების მექანიზმების დანერგვაში, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა.

ამის სანაცვლოდ, ინსპექტირების დასკვნის მიხედვით, დაფიქსირებული დარღვევების საფუძველზე სამეურვეო საბჭოს უნდა ემსჯელა სკოლის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვის შესახებ. აღნიშნული რეკომენდაცია მიმართული არ არის დარღვევების გამომწვევი მიზეზების მოგვარებისკენ და ის ორიენტირებულია მხოლოდ სკოლის და მისი დირექტორის დასჯაზე.

„სამართლიანმა არჩევნები” ამბობს, რომ მან ასევე ის სამართლებრივი აქტები შეისწავლა, რომლითაც საჯარო სკოლებში ინსპექტირების პროცესი რეგულირდება. აღმოჩნდა, რომ შიდა აუდიტის დებულებით არ არის დადგენილი ის ძირითადი სტანდარტები, მეთოდოლოგია და ვადები, რომლითაც შიდა აუდიტის დეპარტამენტი ხელმძღვანელობს ინსპექტირების პროცესში.

#6 სკოლაში სამინისტროს მიერ ჩატარებული საეჭვო ინსპექტირების გარდა, ISFED ამბობს, რომ ზეწოლის ფაქტები სხვაგანაც ფიქსირდებოდა. მაგალითად: მეშვიდე საჯარო სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელზე, ნათელა ხორგუანზე, სავარაუდოდ, ზუგდიდის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის მიერ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა და მისი სამსახურიდან გათავისუფლება; სოფელ კორცხელის საჯარო სკოლაში პედაგოგებზე განხორციელებული ზეწოლა და „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიერ ამავე მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში აღმოჩენილი ე.წ. “მხარდამჭერთა სიების“ შეგროვების პროცესი

ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს და სხვა ფაქტები ნათლად მიუთითებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურების წინასაარჩევნო პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებებში პოლიტიკური ნიშნით ზეწოლას და მუქარას სისტემური ხასიათი ჰქონდა.

აღნიშნული გარემოებების შესწავლის შედეგად, „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს: მთავარ პროკურატურას:

  •  დაიწყოს გამოძიება ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის, კახაბერ ფარცვანიას მიერ 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში დისკრიმინაციის ნიშნით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე;
  •  დროულად, სრულყოფილად და საფუძვლიანად გამოიძიოს ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში განხორციელებული ინსპექტირების ფაქტი და სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაული.  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს:
  •  შეიმუშაოს ინსპექტირების სტანდარტები და მეთოდოლოგია, რომლითაც შიდა აუდიტის დეპარტამენტი საჯარო სკოლებში სავარაუდო დარღვევის ფაქტების შესწავლისას ისარგებლებს. აღნიშნული აუცილებელია ინსპექტირების კანონიერად და ობიექტურად განსახორციელებლად, რაც გაზრდის ინსპექტირების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ ნდობას და ასევე მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხს;
  • წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, თავი
    შეიკავოს სკოლებში ინსპექტირების განხორციელებისგან.

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი ია კერზაია მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მის სკოლაში ჩატარებული ისპექციის შემდეგ ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. სამინისტროს თანახმად, ინსპექცია სკოლაში მათთან შესული წერილის საფუძველზე ჩატარდა.

კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელიას თქმით, ჩატარებულ ინსპექცია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველი გახდა, რასაც პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს.

როგორც ბაჩანა შენგელიამ ნეტგაზეთს უთხრა, სკოლის შემოწმებიდან დასკვნამდე პერიოდში კერზაიას შეუთვალეს, რომ თუ “ოცნებისთვის” იმუშავებდა, მათ მხარდამჭერთა სიებს მიაწვდიდა და ა.შ, “დამოკიდებულება შეიცვლებოდა”.

ია კერზაია სკოლაში ჩატარებული შემოწმებიდან მალევე ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ის ოპერაციის შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი