ახალი ამბები

1 500 წელი დასჭირდა, რათა კონსტანტინოპოლს ჩვენი ავტოკეფალია ეცნო – ილია II

25 მარტი, 2019 • 1714
1 500 წელი დასჭირდა, რათა კონსტანტინოპოლს ჩვენი ავტოკეფალია ეცნო – ილია II

ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ წირვა აღავლინა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დღეს განსაკუთრებული დღეა, რომელიც ისტორიულ ფაქტს აღემატება და  საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას უკავშირდება.

“ჩვენ ქედსა და მუხლს ვიყრით ჩვენი იმ დიდი წინაპრების წინაშე, რომელთაც იღვაწეს ამისთვის. ეს იყო პატრიარქი კირიონი, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე და მრავალი სხვა. საქართველომ ავტოკეფალია მიიღო ვახტანგ გორგასლის დროს, მეხუთე საუკუნეში და პირველი კათალიკოსი იყო პეტრე. დიდი კანონისტი, ბალსამონი ამბობს, რომ საქართველომ მიიღო ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიიდან და ამ საუკუნეებიის განმავლობაში, სულ ვიცავდით ჩვენს დამოუკიდებლობას. ათას ხუთასი წელი დასჭირდა, რათა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქს ეცნო ჩვენი ავტოკეფალია, ეს მოხდა დიმიტრიოსის დროს, რომელიც მოღვაწეობდა ბართლომეოს I-ის წინ. ეს რომ არ ყოფილიყო, ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ იცის, რა შედეგი ექნებოდა ჩვენს ცხოვრებას”, – განაცხადა პატრიარქმა.


რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრემ 1811 წლის 30 ივლისს საქართველოდან იძულებით გაიწვია კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II და საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია გაუუქმა. 1917 წლის მარტში,  რევოლუციის შემდეგ, ქართველმა სამღვდელოებამ რუსეთში არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური არეულობებით ისარგებლა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გამოაცხადა. გამომდინარე იქიდან, რომ 1917 წელს რუსეთის ეკლესიის სინოდი და პატრიარქი წინააღმდეგი იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და რუსეთის ეკლესიიდან გამოყოფის, რუსეთის ეკლესიის სინოდმა საქართველოს ეკლესიის ეს ქმედება სქიზმად გამოაცხადა. მოსკოვმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია 1943 წელს ცნო, კონსტანტინოპოლმა კი, მაშინ მოსკოვთან მიმდინარე მწვავე დაპირისპირების ფონზე, ეს ნაბიჯი 1990 წელს გადადგა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი