ახალი ამბები

როგორ იცნობენ პოლიტიკოსები დაკითხვის ოქმებს, როცა მე წვდომა არ მაქვს? — ხაზარაძე

24 მარტი, 2019 • 797
როგორ იცნობენ პოლიტიკოსები დაკითხვის ოქმებს, როცა მე წვდომა არ მაქვს? — ხაზარაძე

თიბისის ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე იმ პოლიტიკოსებს, ვინც, მისი შეფასებით, ბანკის საქმეზე “უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა”, ეკითხება, საიდან იციან ის დეტალები, რაც მან პროკურატურაში დაკითხვაზე ისაუბრა, როდესაც თვითონ მისთვის არ არის დაკითხვის ოქმი ხელმისაწვდომი.

ხაზარაძის შეფასებით, პოლიტიკოსების ნაწილმა მისი და თიბისი ბანკის თანადამფუძნებლის, ბადრი ჯაფარიძის უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია.

“როცა ასეთი შემოტევა მიდის პოლიტიკოსების მხრიდან… პოლიტიკოსები უაპელაციოდ, პრაქტიკულად, ბრალს გვდებენ რაღაცაში, რომელზეც წესით ან ბრალი უნდა წაგვიყენოს პროკურატურამ, ან საქმე დახუროს. როცა ძალიან ცნობილი პოლიტიკოსები უაპელაციოდ ამბობენ, რომ კი, კი, იქ რაღაცა მოხდა, სახლში ფული წაიღეს და ვიღაცა მოატყუეს — ეს რა სამართალია და რა დამოკიდებულებაა? ან რა უდანაშაულობის პრეზუმფციაზეა ლაპარაკი”? — განაცხადა ხაზარაძემ 24 მარტს, რუსთავი2-ის ეთერში გიორგი ისაკაძესთან Forbes-ის კვირის ეთერში.

“ყველა იმ ადამიანთან, რომელმაც უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა და ზიანი მოგვაყენა — პოლიტიკოსებზე ვლაპარაკობ — და არ დაიცვა არც უდანაშაულობის პრეზუმფცია და ზოგ შემთხვევაში ჩვენი დაკითხვის ოქმებიდან ამონარიდებით ილაპარაკა, კითხვა მაქვს: საიდან იციან მათ პროკურატურის დაკითხვების ოქმები, როცა მე არ მაქვს ამაზე წვდომა”? — განაცხადა ხაზარაძემ.

“მე ვთხოვე, მათ მითხრეს რომ რა თქმა უნდა ეს კონფიდენციალურია. სწორედ ამ საუბრის შემდეგ, 8-9 იანვარს მათ გააკეთეს პრესკონფერენცია. რა იყო ამ პრესკონფერენციაში მნიშვნელოვანი? რა ითქვა? რომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე დაიკითხნენ? მერე რა მოხდა, — ვთქვათ, დავიკითხეთ? რეპუტაციული ზიანი მოგვაყენეს ჩვენ ინვესტორებს იმ განცხადებით, იმიტომ, რომ ვალდებული ვართ, რომ ნებისმიერი რამ, რაც ჩვენ გვეხება და ბანკს ეხება, უნდა განვაცხადოთ 24 საათის განმავლობაში ლონდონის ბირჟაზე. ჩვენ განვაცხადეთ, შედეგად მივიღეთ 90 მილიონი დოლარის ზარალი ჩვენი ინვესტორების”, -აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი