სრულიად მიუღებელია მთავრობის თავდასხმა სამოქალაქო სექტორზე – დელია ფერეირა

მწვავე შეფასება მოჰყვა საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ 23 ოქტომბერს, კოპენჰაგენში მიმდინარე ანტიკორუფციულ კონფერენციაზე ქართული არასამთავრობო სექტორის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.

“სრულიად მიუღებელია, როცა მთავრობის წარმომადგენელი “ანტიკორუფციულ კონფერენციაზე” თავის პლატფორმას იყენებს ჩვენს ფილიალსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებზე თავდასხმისთვის. თვალსაჩინოა, რომ სამოქალაქო საზოგადოების დაცვა დემოკრატიის გაძლიერებისთვისა და კორუფციასთან საბრძოლველად არის უმნიშვნელოვანესი”, – ასე გამოეხმაურა “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ხელმძღვანელი დელია ფერეირა თეა წულუკიანის მიერ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და ქართული სამოქალაქო სექტორის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.

დელია ფერეირას მოსაზრებას ტვიტერზე არაერთი გამზიარებელი გამოუჩნდა, რომელთა შორის არიან “საერთაშორისო გამჭვირვალობის” სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ოფისების ხელმძღვანელები, ასევე, ექსპერტები და ევროპარლამენტარი ანა გომესი, რომლის გამომწერთა რაოდენობა ტვიტერზე 38 ათასს აჭარბებს. მის გამომწერებს შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირები, საერთაშორისო ექსპერტები, სხვა ევროპარლამენტარები და გავლენიანი ჟურნალისტები.

ფერეირას მოსაზრება ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გააზიარა თავად “ანტიკორუფციული კონფერენციის” ოფიციალურმა გვერდმაც.


კოპენჰაგენში მიმდინარე საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თავმჯდომარე ეკა გიგაური დაადანაშაულა, რომ მან სავარაუდოდ წვლილი შეიტანა 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი აქციის დაშლაში. მან ასევე თქვა, რომ ამასთან დაკავშირებით წამოწყებულ სასამართლო განხილვებში თავად გიგაური არ მონაწილეობს. წუკლუკიანის ბრალდება მოჰყვა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლის, გიორგი ონიანის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში ღია მმართველობის პროექტის წარუმატებელი აღმოჩნდა.

თეა წულუკიანის გამოსვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავად ეკა გიგაურიც. მისი თქმით, სამოქალაქო სარჩელი, რომელზეც წულუკიანი ლაპარაკობს, მისი წამოწყებულია.

“ზუსტად იცი, რომ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მე ვუჩივლე თქვენს სატელიტებს. ვიცოდი, რომ თქვენგან იმართებოდნენ, მაგრამ ახლა ნამდვილად დავრწმუნდი ამაში. მუდმივად არავინაა მთავრობაში და მაინც მოგიწევთ ჩემთან მოსვლა, როდესაც თქვენი უფლებები დაირღვევა, როგორც ამას 2012 წელს აკეთებდით”, – წერს ეკა გიგაური

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი