ეს არის ფარულად დადებული ვიდეომასალა, მანდ პირდაპირ ჩანს, რომ ეს არის თებერვლის თვეში ჩაწერილი, თებერვლის თვიდან სექტემბრის თვემდე გავიდა რამდენიმე თვე, იმის მერე გამორკვეული იქნა ყველაფერი და ეს ინფორმაცია არ დასტურდება, რაც მე ვთქვი.
ფარულად ჩაწერილი როგორ არის? თქვენ ხომ ამბობთ ამავე მასალაში, რომ ეს მასალა გავრცელდება, თუკი თქვენ საფრთხე შეგექმნებათ?
ეს მასალა ჩამიწერა ზაზა წოწელიამ, მან მომიწყო შანტაჟი იმის შემდეგ, პირდაპირ დაწერეთ, კიდევ მოხდა გამორკვევა ამ საქმეზე, ჩამოყვანილი მყავდა ბავშვის ბებია, მისი მშობლები და გაირკვა, საბოლოო ჯამში, ეს ინფორმაცია. რაც მანდ არის ნაჩვენები, მცდარია, შემდეგ გაირკვა, რომ ეს არ არის სინამდვილე. შვიდი თვე გავიდა, მთელი ამ დროის მანძილზე მე არ გავჩერებულვარ. მასალა დაიდო დღეს, წარმოიდგინეთ, ამდენი თვეა გასული, ამდენი ხნის განმავლობაში არ შემხმიანებია არავინ. ეს პიროვნება არის გაქცეული, თანხა აქვს წაღებული და ამიტომ შანტაჟს მიწყობს, პირდაპირ ვამბობ, და თუ აინტერესებს გამოძიებას, გამოარკვიონ და დაიჭირონ და ვისი თანხაც აქვს წაღებული, იმ თანხაზე ილაპარაკებენ. ზაზა წოწელიაა ის, ვინც ეს დადო მანდ [ვიდეოს განათავსა იუთუბზე].
ეს ის ზაზაა, რომელშიც ვიდეოში საუბრობთ და ამბობთ, რომ მხოლოდ ზაზა დაგრჩათ გარშემო მყოფებიდან?
კი, ბატონო, ის ზაზა. მან თანხა გაიტაცა და წავიდა, პირადად ჩემი 35 000 ლარი გაიტაცა და ახლა მე პირადად ვამბობ, იმის შემდეგ, რაც ეს ჩაიწერა, გასულია 7 თეე, ამ დროის განმავლობაში კიდევ გამოვარკვიეთ და რაღაცები შევისწავლეთ, ანუ რაზეც ვიდეოშია საუბარი, ეს არის მცდარი, მე პირდაპირ ვამბობ ამას, ლალი ბიწოშვილი.
რატომ საუბრობთ ვიდეოში “ქართული ოცნების” ბრალეულობაზე?
ისე აეწყო ფაქტები, იმის შემდეგ მე ბებიასაც შევხვდი, შევხვდი ოჯახის წევრებსაც, ვიღაც-ვიღაცები გამოვკითხე ამ საქმეში და მოხდა ისე, რომ რასაც მანდ ვსაუბრობ, ეს ყველაფერი დაუმუშავებელი ინფორმაციაა.
ვიდეოში “ქართულ ოცნებას” ადანაშაულებთ ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების ფაქტზე, მაგრამ არ აკონკრეტებთ, რა მტკიცებულებები გაქვთ ამის სათქმელად, რა ინფორმაციას ფლობდით მაშინ?
ოჯახის წევრების ინფორმაციას ვფლობდი, მეზობლები მყავდა გამოკითხული და საერთოდ მაგ საქმეში მე ვიყავი ჩართული. იმის შემდეგ გაირკვა, რომ ეს მცდარი ინფორმაციაა.
ოჯახის წევრებისგან მიღებული ინფორმაციით ამბობდით, რომ “ქართული ოცნების” დანაშაული კვალი იკვეთება, და ისევ ოჯახის წევრების გამოკითხვით გადაამოწმეთ, რომ ეს ასე არ არის?
არა, მარტო ოჯახის წევრებიდან არა, მთლიანად საქმიდან და გამოვკითხე მეზობლები მოწმეები და ასე შემდეგ. 5–6– ჯერ ჩავედი და ბავშვის ბებიაც მყავდა ჩამოყვანილი, პაპაც და ვესაუბრე რამდენჯერმე. 7 თვის განმავლობაში, თუ ეს სიმართლე იყო, რატომ არ დადო ეს ჩანაწერი? როდესაც გაქცეულია და იმალება და 35 000 ლარი აქვს წაღებული, იმიტომ, რომ შანტაჟი მომიწყო.
მითხარით, რომ მტკიცებულებები არ გქონდათ “ქართული ოცნების” ბრალეულობის გამოსაკვეთად, რატომ დაადანაშაულეთ “ქართული ოცნება”?
იცით, რაშია საქმე? ეს მე ოფიციალურ ინფორმაციად არ გამიკეთებია, ეს არ იყო ოფიციალური ინფორმაცია, ჩემსა და ზაზას შორის საუბარი იყო.
და რატომ გადაწყვიტეთ მაშინ, თუ არ გქონდათ მტკიცებულებები, გეთქვათ ეს?
თქვენ თქვენს მეგობარს შეიძლება, რომ რაიმე თემაზე დაელაპარაკოთ? იმ პერიოდში მე არ მქონდა გამორკვეული ყველაფერი, პირდაპირ ვამბობ, ეს იყო ჩვეულებრივ საუბარი ორ ადამინს შორის.
კი, მაგრამ ის იღებდა ვიდეოს, თქვენთანაც მოდის ბოლოს და გეკითხებათ, როგორ გავთიშოო და თქვენ თვითონვე ამბობთ ამ ფრაზას კადრში, რომ თუ თქვენ რაიმე მოგივათ, მუქარებზეც საუბრობთ, ეს ვიდეო გავრცელდება. თქვენ ინფორმირებული იყავით, რომ ზაზა საუბარს იწერდა და თქვენი სურვილითაც ხდებოდა ამის ჩაწერა.
კი, ბატონო, მე მაგას არც უარვყოფ.
ეს არ იყო უბრალოდ საუბარი, ხომ არსებობდა შანსი ვიდეო გავრცელებულიყო, შესაბამისად, რატომ დაადანაშაულეთ “ქართული ოცნება”, თუკი მტკიცებულება არ გქონდათ?
ჩვენი ურთიერთობა ისეთი იყო, რომ ზაზა წოწელია მე თუ ასე გამყიდდა და ამ ინფორმაციას დამიდებდა, მე მართლა არ მეგონა, მაგრამ პირდაპირ ვაცხადებ, კატეგორიულად და ყველა ჟურნალისტს გამოვუცხადებ, ეს არის მცდარი ინფორმაცია, რომელიც შემდეგ გადამოწმებული იქნა ჩემს მიერ, თვითონ სამინისტროს მიერ და ეს არის მცდარი. 7 თვეში ძალიან ბევრი რამ გამოირკვა ამ საქმეზე.
რა გამოირკვა, შეგიძლიათ გვითხრათ?
არა, ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს ისევ და გამოძიებაში მეც ვარ ჩართული, ოჯახის ადვოკატი ვარ. შეხვდნენ ჭიკაიძესაც, დალაგდა ყველაფერი აბსოლუტურად, დღემდე მიმდინარეობს გამოძიება და ძალიან ბევრი რამ გაირკვა.
ზაზა წოწელია, გარდა იმისა, რომ თქვენი მეგობარი იყო, სხვა მხრივ იყო რაფალიანცის საქმის გამძიებაში ჩართული?
რაფალიანცის საქმეში არანაირად არ ყოფილა ჩართული, მაგრამ მე პირდაპირ ვასახელებ, რომ ის “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელია, რომელიც შემდეგ გავიგე.
საიდან იცით, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელია?
მისი ოჯახის წევრები ყველა “ნაციონალები” არიან და თვითონაც ასე იქნება.
პარტიის წევრები არიან?
მაგას ვერ გეტყვით ზუსტად, კი, მე მგონი. მისი შეხედულებები ისეთი იყო, ჩვენ მაგიტომაც დავშორდით ერთმანეთს. ჩვენი მეგობრობა შეწყდა მაგაზე, რომ მისი აზრები და ჩემი აზრები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მე თავიდან ბოლომდე “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ვარ და მოვკვდები “ქართული ოცნების” წარმომადგენლად.
თქვენი კუთვნილი თანხა ზაზა წოწელიას ხელში როგორ აღმოჩნდა?
ეს იყო საქმის ფული, რომელიც ჩემამდე არ მოსულა, ჩემი პირადი თანხა იყო.
იცით ახლა, რომელ ქვეყანაშია წასული?
მე ვერ გეტყვით, რომელ ქვეყანაშია წასული, 6 თვეა დაახლოებით მასთან შეხება არ მქონია. ზუსტად ვერ გეტყვით, რომ ქვეყნიდან წასულია, მან გათიშა ყველა ტელეფონი, შეწყვიტა ჩემთან ყველანაირი ურთიერთობა. არ არის გამორიცხული, რომ საქართველოშიც იყოს.
ვიდეოში საუბრობთ, რომ მუქარის მესიჯებს იღებდით, ამბობთ, რომ საოცრებები ტრიალებს თქვენს ირგვლივ, ვისგან იღებდით ამ მესიჯებს, რა შინაარსი ჰქონდა მათ?
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ არის საჭირო ყველაფრის თქმა, დამთავრდება გამოძიება უახლოეს ხანში და მე თვითონ გავაკეთებ ბრიფინგს პირდაპირ ეთერში.
ვიდეოში საუბრობთ თქვენს მეგობარ პარლამენტარზე, რომელსაც არ ასახელებთ და ამბობთ, რომ ის გენდობოდათ, მაგრამ თქვენთან ურთიერთობა შეწყვიტა გარიგებით, რომ “ჭკვიანად იქნებოდით”, კვლავ აღადგინეთ ურთიერთობა ამ ადამიანთან?
მანდ რაზეა ლაპარაკი, მე არ ვიცი. სწორად გაიგეთ, რა, მე “ქართული ოცნების” ადვოკატი ვიყავი, ძალიან დიდი ურთიერთობა მაქვს ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან, ოღონდ ისეთი სიტუაციაა ბოლოს, მაინც ერიდებოდნენ ჩემთან საუბარს. მე კონკრეტულად ვინმეს არ ვასახელებ მანდ.
თქვენი აზრით, რატომ გავრცელდა ეს ვიდეო ახლა, ამდენი თვის გასვლის შემდეგ?
გითხარით, რატომაც გავრცელდა, ზაზა წოწელიამ ერთი კვირის წინ მითხრა ასეთი რაღაც, თუ მომთხოვ ფულს, მე შენ ამ ვიდეოს, რომელიც საერთოდ აღარ მახსოვდა, თუ არსებობდა, გამოვაქვეყნებ, მე ვუთხარი, შენ ხომ იცი, რომ მანდ ყველაფერი შეცდომითაა ჩაწერილი და მოდი დავილაპარაკოთ, ჩემთან ის არ მოსულა, ჩემდაუნებურად დაიდო ეს ყველაფერი. შანტაჟი მომიწყო და ალბათ გაყიდა ეს ყველაფერი.
გათიშული თუ აქვს ყველა ტელეფონი, ერთი კვირის წინ როგორ დაგიკავშირდათ?
ჩემთან გამოაგზავნა თავისი ყოფილი მძღოლი, რომელმაც მანქანაში მომაწოდა ტელეფონი და მითხრა დაელაპარაკეო, თორემ ტელეფონი გათიშული აქვს უკვე ექვსი თვეა. მძღოლმა დამალაპარაკა და მითხრა, შენ თუ მე ამ ფულს მომთხოვ, მე ვიდეოს გამოვაქვეყნებ, მე ამ ვიდეოს არსებობაც არ ვიცოდი, მე ვუთხარი, ხომ იცი, რომ ეს ასე არ არის, რატომ ეუბნები ქვეყანას ტყუილს. ფული აღარ მომთხოვო, თორემ მე ამ ფირს დავდებ. ერთი კვირის წინ დამირეკა ზუსტად.
პირადი მძღოლი რატომ ჰყავდა, თანამდებობის პირია?
არა, არა. ჩვეულებრივი ტაქსის მძღოლი, რომელსაც მიყავდა და მოყავდა.
თქვენ სასამართლოს ძალით აპირებდით ამ თანხის მისგან მოთხოვნას და მტკიცებულებები გქონდათ, რომ მან მიითვისა ნამდვილად თქვენი თანხა?
მომისმინეთ ერთი წუთით, მე თქვენ აგიხსენით, რომ მე და ზაზა წოწერია ვიყავით ერთ დროს მეგობრები, მეგობარს შეიძლება მისცე თანხა გარკვეული ვადით, გარკვეული პირობით და შემდეგ, როდესაც მოვითხოვე ეს თანხა, მივიღე შედეგი.
რადგან დღემდე ოჯახის ადვოკატი ხართ, ხომ არ შეგიძლიათ გვითხრათ ოჯახის პოზიცია, მათ აქვთ ეჭვი რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებით?
ჩვენ თავიდან, როდესაც გამოძიება დავიწყეთ, მთლიანად მიდიოდა ხაზი “ნაციონალური მოძრაობისკენ”, დღემდე ამ აზრზე ვარ მე. ერთადერთი, რაც გვინდა ჩვენ, ოჯახის წევრებს ბრალდება ამ ბავშვის სიკვდილი და ეს ჩემთვის კატასტროფაა და ოჯახის წევრებისთისაც კატასტროფაა. ამიტომ ვიყავი ჩართული ამ საქმეში, რომ ეს ბრალდებოდა დეიდას, ეს ბრალდებოდა დედას. ეს აბსურდული ინფორმაციაა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ეს დედამ ან დეიდამ ჩაიდინა.
როცა ამბობთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” კვალი დაინახეთ თავიდანვე და დღემდე ასე ფიქრობთ, იმ პერიოდში, როცა ეს გადაიღეთ, რა შეიცვალა, რომ თქვენ “ქართული ოცნების” ბრალეულობაზე ალაპარაკდით?
მე ძალიან ვარ ახლა განადგურებული და ძალიან კონკრეტულ პასუხს გაგცემთ, იმდენად წავიდა ინფორმაცია, დეიდას დააბრალეს, დედას დააბრალეს და ა.შ. მე როცა მაგ საქმე დავიწყე, თავიდანვე, ჩემ ინტერვიუებს და გამოსვლებს თუ ნახავთ, 70–მდე მოწმე გვყავს დაკითხული და მთლიანად ეს საქმე იყო ისე, რომ ეს იყო “ნაციონალების” შეკვეთილი მკვლელობა. შემდეგ ისე წავედით ჩვენ ჩიხში, გამოიკვეთა, რომ ეს იყო ოჯახის წევრების გაკეთებული, ამიტომ მოხდა არეულობა. როგორც ადვოკატს, რაღაც ეჭვები გამიჩნდა, რადგან აბრალებდნენ დეიდას და დედას, შემდეგ ყველაფერი გამორკვეული იქნა და 7 თვეში დალაგდა, ჩამოვყალიბდი მე თვითონაც და ზუსტად ვიცი, რომ ეს “ქართული ოცნების” გაკეთებული არ არის. გამოძიების ინტერესბიდან გამომდინარე მეტზე ვერ ვისაუბრებ.
როცა ამბობთ, დედას და დეიდას აბრალებდნენ, ვისგან მოდიოდა ეს ბრალი?
გამომძიებლებიდან, ჩემო კარგო, მე ამ ოჯახის ადვოკატი ვარ, გამოძიებლებს ჩვენ ვხვდებოდით გურჯაანის განყოფილებაში, ისინი ტენდენციურები ნამდვილად არ ყოფილან, ჩვენ ვკითხავდით მოწმეებს. თვითონ გამომძიებელი, რომელიც იყო სამინისტროსგან გაგზავნილი, იმ გამომძიებელმა ოჯახის წევრებს უთხრა, ეტყობა, რომ დაეპირისპირებინა ერთმანეთთან და სიმართლე გამოერკვია, ოჯახის წევრებს უთხრა, რომ “ქართული ოცნების” გაკეთებული იყო.
თვითონ გამომძიებელმა უთხრა ასეთი რამ, რომ შესაძლებელია “ქართული ოცნების” გაკეთებული იყოს?
ხო… ნუ არ გამოვრიცხავ, ოჯახის წევრების გაკეთებული იყოსო. გამოძიებლის სახელი და გვარი არ მახსოვს. აბრალებდნენ დედას და დეიდას, ძალიან ბევრი ეჭვები გაგვიჩნდა, საბოლოო ჯამში, საერთოდ არ არის გარკვეული ვისი გაკეთებულია. მე პირადად დღეის გადასახედიდან გეუბნებით, შესაძლებელია სულაც არავის დაკვეთა არ ყოფილა და მოხდა გაუთვალისწინებელი რამ.
ახლა უკვე “ნაციონალურ მოძრაობის” მიმართაც აღარ ხართ კატეგორიული და უშვებთ შესაძლებლობას, რომ ის საერთოდ არ იყოს გარეული.
იცით რა არის? იმდენად ძნელი საქმეა, საერთოდ არ ირკვევა არაფერი, აღარაფერი.
მაგრამ ვიდეოში ნათქვამს მაინც კატეგორიულად უარყოფთ ხომ?
რა თქმა უნდა. ეს არ არის “ქართული ოცნების” გაკეთებული, კატეგორიულად ვაცხადებ.