ახალი ამბებიკომენტარი

სამეფოებად დაშლილი ქვეყანა, სახელწოდებით Georgie – ვახუშტი ბატონიშვილის ფრანგული რუკა

21 მარტი, 2019 • 13116
სამეფოებად დაშლილი ქვეყანა, სახელწოდებით Georgie – ვახუშტი ბატონიშვილის ფრანგული რუკა

ავტორი: სულხან სალაძე

დაახლოებით ერთი წლის წინ ინტერნეტში ერთ ფრანგულ რუკას გადავეყარე, რომელსაც ძველი რუკებით მოვაჭრე ლონდონელი ყიდდა. რუკით უმალ მოვიხიბლე, სიზუსტე, დახვეწილობა და ზომები არაფერია იმასთან შედარებით, რისი ეჭვიც რუკის პირველივე ნახვისას გამიჩნდა – ეს ფრანგული რუკა ძალიან ჰგავდა ვახუშტი ბატონიშვილის საქართველოს რუკას. არადა, რუკის ავტორად ჟოზეფ ნიკოლა დელილი, გამოცემის ადგილად ვენეცია, თარიღად კი 1775 წელი იყო მითითებული. თავიდან ცოტა დავიბენი, მაგრამ ნათელი იყო, რომ ფრანგულ რუკასა და ვახუშტის ქართულ რუკას შორის რაღაც კავშირი უნდა არსებულიყო. ეჭვი მალე გაიფანტა და დავრწმუნდი, რომ ვახუშტისა და ჟოზეფ ნიკოლა დელილის რუკებს შორის არათუ რაღაც კავშირი იყო, სინამდვილეში, ჟოზეფ ნიკოლას რუკა ვახუშტის ქართული რუკის დახვეწილ ფრანგულ ვერსიას წარმოადგენდა.

ნანახით აღფრთოვანებულს იმედგაცრუება მელოდა – აღმოჩნდა, რომ რუკის ფასს ვერაფრით შევწვდებოდი. იმედად მხოლოდ ის მრჩებოდა, რომ ძველი რუკებით მოვაჭრე ლონდონელი სასურველი ფასის შეთავაზების შესაძლებლობას იძლეოდა. საქმეს შევუდექი. პირველ შეთავაზებაზე მტკიცე უარი მივიღე. მერე კიდევ მივწერე და ისევ უარი მივიღე. არ მოვეშვი და მესამე ცდაზე გამიმართლა. საბოლოოდ, რუკის გასაყიდად განსაზღვრულ ბოლო სავაჭრო დღეს რუკა ჩემი გახდა. ამის შემდეგ, ბრიტანული ფოსტის  წყალობით, რუკა სწრაფად და უვნებლად ჩამოვიდა საქართველოში. ჩამოვიდა და ახლაც ჩემთან რჩება.

1775 წელს გამოცემული ვახუშტი ბატონიშვილის ფრანგული რუკა.
წარწერა რუკაზე: Paolo Santini Carte de la Georgie et Des Pays Situes Entre La Mer Noire et La Mer Caspienne Venice 1775 ca

გიომ დელილის მიერ 1723 წელს გამოქვეყნებული „კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკა“ განსაკუთრებული მოვლენა იყო. რუკის გამოცემიდან თოთხმეტი წლისთავზე, 1737 წელს, პეტერბურგში ერთმანეთს შეხვდნენ გიომ დელილის ძმა, კარტოგრაფი და ასტრონომი – ჟოზეფ ნიკოლა დელილი და ცნობილი ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი. ეს ის დროა, როცა ემიგრაციაში წასულ ვახუშტი ბატონიშვილს საქართველოს რუკების ერთ დიდ ნაწილზე მუშაობა უკვე დასრულებული აქვს და სრულიად უნიკალურ ინფორმაციას ფლობს. ვახუშტის პირველი ატლასი საუკეთესო წყარო იყო ყველასთვის, ვისაც მეტის გაგება სურდა სამეფო-სამთავროებად დაშლილ საქართველოსა და მთლიანად მაშინდელი კავკასიის შესახებ.

ვახუშტი ბატონიშვილის და ჟოზეფ ნიკოლა დელილის შეხვედრიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, ქართველი და ფრანგი კარტოგრაფის თანამშრომლობის შედეგად, ვახუშტის რუკის ფრანგული ვერსია მომზადდა. ეს მოვლენა არ იყო მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობის ამბავი. XVIII საუკუნის ოცდაათიანი წლების ლაიფციგის სამეცნიერო გაზეთი იუწყებოდა კავკასიის მთების შესანიშნავი რუკების შესახებ, რომელიც თბილისელი პრინცის მიერ იყო შედგენილი და იმდენად ზუსტი იყო, რომ რუკაზე მთებსა და მის მიდამოებში მდებარე უმცირესი სოფლებიც კი იყო აღნიშნული. რუკების გამოცემას საკუთარ თავზე ჟოზეფ ნიკოლა დელილი იღებდა. ლაიფციგური სამეცნიერო გაზეთი იქვე იმასაც აღნიშნავდა, რომ რუკების გამოცემის წყალობით, კავკასიის უცნობი მხარე ყველასთვის ცნობილი გახდებოდა.

ვახუშტი ბატონიშვილის ქართულ რუკაზე დაფუძნებული ფრანგული რუკა ჟოზეფ ნიკოლა დელილიმ პირველად 1766 წელს, ვახუშტის გარდაცვალებიდან ცხრა წლის შემდეგ, პარიზში გამოსცა. გამოცემიდან მალე რუკამ დიდი პოპულარობა მოიპოვა და ის არაერთმა ევროპელმა კარტოგრაფმა თუ გამომცემელმა გამოიყენა. მათ შორის ცნობილმა ვენეციელმა კარტოგრაფმა პაულო სანტინიმ, ვინც 1775 წელს პრაქტიკულად უცვლელი სახით გამოსცა რუკა ვენეციაში.

მიუხედავად იმისა, რომ ვახუშტის რუკა ჯერ პარიზში 1766 წელს და შემდეგ ვენეციაში 1775 წელს, ორივეგან ფრანგულ ენაზე გამოიცა, ორივე გამოცემაში ტოპონიმები ქართულია. მაგალითად, როგორც წესი, ევროპელი კარტოგრაფები და გამომცემლები რუკებზე შავი ზღვის  აღსანიშნავად ყველაზე ხშირად იყენებდნენ ტერმინებს: „MER NOIRE“-სა და “PONT EUXIN”-ს, თუმცა ვახუშტის რუკის ფრანგულ გამოცემაში „MER NOIRE”-სა და “PONT EUXIN”-ს პარალელურად არის წარწერა – “CHAVI ZGUA”. რუკა სავსეა ტბებით, მდინარეთა ქსელით, მთებით, საქართველოს მხარეებისა და დასახლებული ადგილების აღმნიშვნელი წარწერებით. რუკაზე ისეთი გეოგრაფიული ადგილებიცაა აღნიშნული, რომლებსაც ევროპელი კარტოგრაფების ადრინდელ ნამუშევრებზე ვერსად შეხვდებით და მათ ეს სწორედ ვახუშტის დამსახურებით აღმოაჩინეს.

ვახუშტი ბატონიშვილის რუკის ფრანგული ვერსიის გამოცემა დროში იმ ეპოქას ემთხვევა, როცა ევროპული კარტოგრაფია, სამეცნიერო მიღწევების პარალელურად, სულ უფრო მეტად იხვეწება. ეს ის დროა, როცა რუკებზე ზუსტდება გეოგრაფიული კოორდინატების სისტემა, ერთმანეთის მიყოლებით ქრება და მცირდება უცნობი ტერიტორიები და თვალსაჩინო ხდება რუკების დაყოფა თანამედროვე და ისტორიულ რუკებად. ამ ფონზე ევროპაში ვახუშტის რუკის ფრანგული ვერსიის გამოცემა ფასდაუდებელი მოვლენა იყო – 1766 წლიდან მოყოლებული, ის დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა ყველაზე ზუსტ და დეტალურ რუკას საქართველოსა და მის მეზობლად მდებარე ქვეყნების შესახებ.

_________________________

მასალა მომზადებულია პროექტის – „ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით“ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი