ახალი ამბები

კალაძე: დუმბაძე ცდილობდა თავისი გავლენის ქვეშ მოექცია ყველა და ყველაფერი აჭარაში

15 სექტემბერი, 2014 •
კალაძე: დუმბაძე ცდილობდა თავისი გავლენის ქვეშ მოექცია ყველა და ყველაფერი აჭარაში

“ბატონი მურმანი რამდენჯერმე იქნა გაფრთხილებული იმასთან დაკავშირებით, რომ ის მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია აჭარაში აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა კანდიდატი, მასთან შეთანხმებით უნდა მომხდარიყო ყველა პიროვნების დანიშვნა ხაბაძის მიერ, მასთან შეთანხმებით უნდა მომხდარიყო კანდიდატების შერჩევა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, არა მარტო ბათუმში, არამედ მთლიანად აჭარაში. ის ჩვენი გუნდის წევრი იყო და გარკვეულ კანდიდატებს ვითვალისწინებდით, რომლებსაც გვთავაზობდა, მაგრამ ის მაქსიმალურად ცდილობდა, რომ თავის გავლენის ქვეშ მოექცია ყველა და ყველაფერი. მას რამდენჯერმე მიეცა შენიშვნა, რომ გარიდებოდა ამ ყველაფერს, რადგან ჩვენი ხალხის მთავარი მონაპოვარი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არის ის, რომ ჩვენ დავასრულეთ ერთპიროვნული მმართველობა ქვეყანაში და ძალაუფლება გადანაწილდა სახელისუფლებო შტოებს შორის,” – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა 14 სექტემბერს თბილისში გაიმართა. პოლიტსაბჭო აჭარის  უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულ ოცნებისა“ და აჭარის მთავრობის დაპირისპირების, ასევე, ფრაქციის მხრიდან მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხს განიხილავდა. სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მურმან დუმბაძე აჭარის მთავრობის მეთაურის საქმიანობაში ჩარევას ცდილობდა, რის გამოც პარტიის სამდივნომ მისი გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

 

თავად მურმან დუმბაძის განცხადებით,  ის პარტიიდან კი არ გარიცხეს, არამედ თავად დატოვა პარტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი