ახალი ამბები

ბერძენიშვილი: საუბარი რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, მთლად სწორი არ არის

12 სექტემბერი, 2014 •
ბერძენიშვილი: საუბარი რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, მთლად სწორი არ არის

“დღეს, როცა ღიად განცხადებული არის განსხვავებული პოზიციები, ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ ვითარება მოწესრიგებისკენ წავიყვანოთ და არა მარგველაშილის გარიყვისკენ. მარგველაშვიული იყო ჩვენი გუნდის წევრი– ასეთ ტერმინებს მე მოვერიდები, იმიტომ, რომ ძალიან მოწყვლადი და სუსტი ქვეყანა ვართ, ჩვენ კოალიციის ერთიანობა გვჭირდება და არა სიმართლის დამტკიცება. მე ბევრი რამ შემიძლია ვთქვა იმაზე, რომ ხანდახან შესაძლოა რაღაცები არ მომწონებია ხელისუფლების ამა თუ იმ წარმომადგენლის, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და ამიტომ პრემიერი უნდა წავიდეს, მთლად ზუსტი არ არის, რადგან ჩვენ არ ვართ კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკა, ასეთი გადღაბნილი კონსტიტუცია დაგვიტოვა სააკაშვილმა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევიდა ძალაში,” – განაცხადა ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილმა არ დააკონკრეტა, როგორია მისი მოსაზრება გაეროს სამიტში მონაწილეობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ვინ სად წავა, არ არის მთავარი:

“ნატოს სამიტი მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების მომზადებული იყო, ძალიან კარგად იმუშავა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საგარეო საქმეთა და სხვა სამინისტროებმა. ერთი მისხალი არ გაუკეთებია იქ მისასვლელად პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რადგან მას ეს არ ეველბოდა, მაგრამ არავის შეუშლია ხელი, მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტი წასულიყო და ძალიან წარმატებული ვიზიტი იყო. წარმატებული იქნებოდა, ღარიბაშვილიც რომ ყოფილიყო, ეს ნორმალურია, ორივეს აქვს უფლება წავიდეს. რა თქმა უნდა, ერთი დელეგაციაა სჯობს ორს, რა თქმა უნდა, გაეროში რაკი პრემიერი აპირებს წასვლას და მიდის პრემიერი, მაგრამ ვინ სად წავ,ა არ არის არსებითი.”

დეპუტატის თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ ხელისუფლებას პრობლემა გაუჩნდა, თუმცა, მისივე აზრით, ეს დაუძლეველი პრობლემა არ არის:

“ამ თემებზე საუბრისას სრულიად ყურით მოთრეულია “ნაციონალური მოძრაობის” ხსენება, არ თამაშობენ ისინი ამ პროცესში. “

კითხვაზე, გააძლიერა თუ არა ღარიბაშვილი ივანიშვილის მხარდაჭერამ, ბერძენიშვილი პასუხობს:

“ღარიბაშვილი ეფექტური მმართველია. ბუნებრივია, ივანიშვილი მას მხარს უჭერს და ეს ნორმალურია, მაგრამ მარგველაშვილს განსაკუთრებული მოთხოვნილებები, რომ მისი რეიტინგი ცაში ავარდეს, არ აქვს, არ სჭირდება. ამასთანავე, ღარიბაშვილს მისი საქმეები გამოაჩენს. მთავარი არის ის, რომ ჩვენ ინსტიტუციურ მმართველობას მივადგეთ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი