ახალი ამბები

“დაუცველი სოცმუშაკი ვერ დაიცავს სხვებს” – რატომ იფიცებიან სოცმუშაკები

17 მარტი, 2019 • 4183
“დაუცველი სოცმუშაკი ვერ დაიცავს სხვებს” – რატომ იფიცებიან სოცმუშაკები

სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის – ასე ჰქვია გვერდს ფეისბუკზე, სადაც სოცმუშაკები თავიანთი პროტესტის შესახებ აქტიურად წერენ. სოცმუშაკები უკვე ორი თვეა აფრთხილებენ სახელმწიფოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათ არ მიეცემათ შესაფერისი შრომითი პირობები, დარეგულირებული გრაფიკი და შესასრულებელი საქმეების ადეკვატური ოდენობა, ისინი გაიფიცებიან.

როგორც სოცმუშაკები განმარტავენ, ამ პირობას ისინი 25 მარტს შეასრულებენ და სწორედ ამ დღიდან მოყოლებული სოცმუშაკები აღარ გააგრძელებენ მუშაობას, მანამ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ნეტგაზეთმა სოცმუშაკთა ფეისბუკ გვერდიდან რამდენიმე ქალის ისტორია შეარჩია, რომლებიც ყვებიან, თუ რატომ გადაწყვიტეს გაფიცვა და რას ელოდებიან ისინი სახელმწიფოსგან.

ვიფიცები, რადგან მახსოვს, ბენეფიციართან სოფელში ვიზიტზე წასული 7 თვის ორსული გაუსაძლის სიცხეში როგორ ვიდექი გაჩერებაზე 5 საათის განმავლობაში ქალაქში მიმავალი ტრანსპორტის მოლოდინში.

მე ვიფიცები ჩემი და ჩემი ბენეფიციარების უფლებების დასაცავად.
თამარ ფინდიშვილი, ზესტაფონის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკი

მე ვიფიცები იმიტომ, რომ ვარ სოციალური მუშაკი და არაადამიანური დატვირთვის გამო არ მეძლევა სოციალური სამუშაოს განხორციელების საშუალება.

მე ვიფიცები იმიტომ, რომ საპროცესო წარმომადგენლობის შესრულებამ გადაამტვრია სოციალური სამუშაოს “ხერხემალი”.
მე ვიფიცები იმიტომ, რომ „აი, აქ ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს“ …..

მზევინარ ღაჭავა- იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკი

მზევინარ ღაჭავა. ფოტო: სოცმუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის

ჩვენ ვიფიცებით, რათა სოციალურმა მუშაკებმა ღირსეულად შევძლოთ დაკისრებული სამუშაოს შესრულება. რაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია, რადგან მთელ დღეს კარგავ მხოლოდ იმ რესურსის მოძიებაში როგორ, რით მიაღწიო მისამართზე!
ვიფიცებით, რათა აღმოფხვრას სისტემამ ის უამრავი ხარვეზი რის წინაშეც ყველა სიციალური მუშაკი შიშველი ხელებით და მხოლოდ საკუთარი თავის იმედით დგას!

სოციალური მომსახურების სააგენტოს წალკის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკები – თამარ ვეზდენი,
მარიკა კვიციანი

თამარ ვეზდენი, მარიკა კვიციანი. ფოტო: სოცმუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის

ვიფიცები, რადგან დამსაქმებელი ჩემზე ძალადობს, როცა იძულებულს მხდის ჩემი ხელფასის ნახევარზე მეტი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დავხარჯო.

ცისანა ჩიკვაიძე, ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკი

ცისანა ჩიკვაიძე. ფოტო: სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის.

მე ვიფიცები იმიტომ, რომ სოციალურ მუშაკს არ შეუძლია ამდენი საპასუხისმგებლო საქმის კეთება ერთდროულად. ეს ნებისმიერი ადამიანის შესაძლებლობას ცდება.

ვენერა გაჩეჩილაძე, ჭიათურის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკი

ვენერა გაჩეჩილაძე. ფოტო: სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის

 მე ვიფიცები იმიტომ, რომ არ მაქვს ჩემი შრომის სათანადო ანაზღაურება და დასვენების დღეებში ჩემი შვილის უფლებების დარღვევის ხარჯზე მიწევს სხვა ბავშვების უფლებების დაცვა.

მე ვიფიცები იმიტომ, რომ სახელწიფო რესურსით ვერ ვეხმარები დედას, რომლის შვილებსაც შიათ და ჯანმრთელობის პრობლემების გამო სჭირდებათ შესაბამისი კვლევა

ვიფიცები იმიტომ,რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახს აქვს 75-ჯერ მეტი ქულა ვიდრე მის მდგომარეობას შეესაბამება, რის გამოც ისინი ვერ იღებენ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფულად შემწეობას.

ვიფიცები იმიტომ, რომ ბავშვები მხოლოდ ჩემი ნაცნობ-მეგობრების კეთილი ნების იმედად მყავს.

ნათია მიქავა, ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკი

ნათია მიქავა. ფოტო: სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის


სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოში” დასაქმებული 200-მდე სოციალური მუშაკი ამბობს, რომ ისინი წინასაგაფიცვო პროცესში იმყოფებიან, ხოლო თუ მთავრობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, გაფიცვას დაიწყებენ.

სოცმუშაკები განმარტავენ, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო სოციალური სერვისების მიმართულებით ატარებს, კრიზისშია და არათუ ეხმარება, არამედ ხელს უშლის ბენეფიციარებს, საჭირო დახმარება მიიღონ. ძირითადი პრობლემები, რასაც სოცმუშაკები ხაზს უსვამენ, სამუშაო რესურსის სიმწირე და შეუსაბამო სამუშაო პირობებია.

ისინი ამბობენ, რომ სწორედ ამის გამო საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს – ბავშვებს, შშმ პირებს და ხანდაზმულებს – სერვისის ან თვეობით ლოდინი უწევთ, ან  საერთოდ ვერ იღებენ.

მთავარ პრობლემებად სოცმუშაკები სამუშაოს შესასრულებლად (მათ შორის ტრანსპორტისთვის) არარსებულ ფინანსურ რესურსს, არასათანადო სამუშაო პირობებსა და გაუნაწილებელ, დაურეგულირებელ სამუშაო გრაფიკს ასახელებენ.

ვრცლად:

“ჩვენ ვიმსახურებთ ღირსეულ სამუშაო პირობებს” – სოცმუშაკები გაფიცვისთვის ემზადებიან

ამავე თემაზე:

ზრუნვა “შიშველი ხელებით” ბავშვებსა და მოხუცებზე – 4 ყველაზე მძიმე ამბავი სოცმუშაკისგან

მასალების გადაბეჭდვის წესი