როგორც ნეტგაზეთს შს სამინისტროში განუცხადეს, მინისტრის მიერ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუზე დამატებით განმარტებას არ გააკეთებენ.

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება”, – ეს განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ჭიკაიძის მტკიცებით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალურ მოძრაობასა და მასთან ასოცირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს 500-კაციანი მობილური ჯგუფი შექმნის დავალება მისცა, რომელმაც პოლიციის პროვოცირება უნდა განახორციელოს და ქვეყანაში დესტაბილიზაციას შეუწყოს ხელი:
“ჩემთვის ცნობილია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისცა კონკრეტული დავალებები ნაციონალური მოძრაობის წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს. ეს დავალებები კიევსა და თურქეთში ჩატარებულ თათბირებზე გაიცა. ამ შეხვედრების მთავარი თემა არ იყო შიდა პარტიული საკითხები, სააკაშვილმ ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად კონკრეტული დავალებები და გეგმები მისცა. სააკაშვილს მიცემული აქვს დავალებები, რომ შეიქამნს კარგად ორგანიზებული 500-კაციანი მობილური ჯგუფი, რომელიც თავის მხრივ დაიყოფა ცალკეულ მობილურ ჯგუფებად. მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის პოლიციის თვალწინ, ეცადონ მოახდინონ პოლიციის პროვოცირება, შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები, აგრესიული საპროტესტო აქციები, სხვადასხვა თემის მანიპულირებით, როგორიცაა კრიმინოგენული ვითარება, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა, დევნილთა პრობლემები… სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვების პროვოცირება, მათი მიზანია შექმნან ნგეატიური ფონი, როგორც ქართულ საზოგადოებაში ისე, უცხოურ მედიასა და დიპლომატიურ საზოგადოებაში”, – განაცხადა ჭიკაიძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას დღესვე გამოეხმაურა პრემიერიც, რომელმაც თქვა:
“სამინისტროს რეალურად აქვს ინფორმაცია იმ გეგმების შესახებ, რომელზეც მინისტრმა [ალექსანდრე ჭიკაიძე] ისაუბრა. დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ყველაფერი დადგინდება და ყველა პოტენციური დამნაშავე თუ დანაშაულის ჩამდენი იქნება დასჯილი”.
საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსში არსებობს “მუხლი 315 – შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად”, რომლის მიხედვითაც შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. ხოლო ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. თუმცა ალექსანდრე ჭიკაიძე თავის ინტერვიუში არ დაუკონკრეტებია, რომელიც მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება.
ამ საკითხზე დაწყებულ დისკუსიას თბილისის საკრებულოს წევრი, რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილიც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ის, რაზეც ჭიკაიძე საუბარობს არა შეთქმულება, არამედ პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ფორმაა:
“ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ ეს ასე იყოს. უფრო მეტიც, რამდენადაც მე ნაცმოძრაობის ლიდერებს ვიცნობ (და საკმაოდ კარგად ვიცნობ), ასეთი პროვოკაციული და არცთუ კეთილშობილური ქმედებები მათ სტილში ორგანულად ჯდება, მაგრამ აქ პრობლემა ისაა, რომ ეს არ არის შეთქმულება. ამაში არ არის არაფერი უკანონო. ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ფორმა, რომელსაც უნდა დავუპირისპირდეთ პოლიტიკური მეთოდებით და არა პოლიციით და უშიშროებით”.








