ქობულეთში ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლებმა, რომლებიც თავს მართლმადიდებლურ მრევლს მიაკუთვნებენ, დასახლებაში მუსლიმური სასწავლებლის მშენებლობა გააპროტესტეს. მომიტინგეებმა ღორი დაკლეს და მისი თავი მუსლიმების დაწესებულების შესასვლელში დაკიდეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, 151-ე მუხლი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარაა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
მომხდარ ფაქტზე რეაგირებისკენ დღეს შსს-ს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმაც მოუწოდა, თუმცა ამ ორგანიზაციამ ინციდენტში სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლის დარღვევის ნიშნები დაინახა. საუბარია 156-ე მუხლზე, რომელიც კოდექსში ასეა განმარტებული – დევნა: 1. ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. 2. იგივე ქმედება: ა) ძალადობით ან ძალადობის მუქარით; ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
ნეტგაზეთის კითხვას, რატომ მოხდა გამოძიები მუქარის მუხლით დაწყება და არა დევნის, შსს-ში უპასუხეს, რომ ამ ეტაპზე ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.








