ახალი ამბები

მშრალი ხიდისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის 9.7 მილიონის დახარჯვა იგეგმება

15 მარტი, 2019 • 1175
მშრალი ხიდისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის 9.7 მილიონის დახარჯვა იგეგმება

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის განვითარების ფონდი მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის ხიდის, ასევე, 9 მარტისა და დედაენის ბაღების რეაბილიტაციას იწყებს. პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა ამ ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბი.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, “რეაბილიტირებულ არეალში კეთილმოეწყობა მხატვრების გამოფენა-გაყიდვისა და ძველებური ნივთებით ვაჭრობის სივრცეებიც, რის შედეგადაც მოგვარდება მრავალწლიანი პრობლემები, რომელიც დისკომფორტს ქმნის თვითდასაქმებულებისთვის, ადგილობრივი მომხმარებლებისა და ტურისტებისთვის”.

მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება პროექტ “ახალი ტფილისის”  ფარგლებში, რომელიც “მიზნად ისახავს, ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას, ტურისტულად მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრის – მშრალი ხიდისა და მიმდებარე არეალის ადაპტაციას დედაქალაქის სტუმრებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებთან”.

პროექტის საერთო ღირებულება 9 679 520 ლარს შეადგენს და ის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. მერია სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას 2019 წლის ბოლოს გეგმავს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი