ახალი ამბები

სოფელ ორბეთის მოსახლეობის წერილი პოლიციას და ენმ-ის ახალი ბრალდება ჭიკაიძეს

9 სექტემბერი, 2014 •
სოფელ ორბეთის მოსახლეობის წერილი პოლიციას და ენმ-ის ახალი ბრალდება ჭიკაიძეს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი ორბეთი თბილისსა და დაბა მანგლისს შორის მდებარეობს, დედაქალაქთან ახლოს. მაისის თვეში სოფელში მკვლელობა მოხდა, რომელიც ოპოზიციური პარტიის მტკიცებით, ამ დრომდე არ არის გამოძიებული, რადგან ბრალდებულ ძმებს მინისტრ ჭიკაიძის ნათესავი მფარველობს:

“მაისში მოკლეს სოფელ ორბეთის მკვიდრი მიხეილ წიკლაური. ამ საქმეზე არათუ დამნაშავეები არ არიან დაკავებული, არამედ რეალურად გამოძიებაც არ მიმდინარეობს. გამოძიებაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ ეს ფაქტი გააშუქა, მაგრამ არასწორი გზითაა წასული გამოძიება. არსებობს ჩვენება, როგორ ურტყამდა სოფლის მაშინდელი რწმუნებული მამუკა ბექაური მიხეილ წიკლაურს არმატურას და ამ ფაქტს ცემის კვალიფიკაციას აძლევენ. ეს უკვე ნიშნავს, რომ მამუკა ბექაურის დასჯა არ უნდათ და მას ვიღაც აფარებს ხელს. მთელი სოფელი დარწმუნებულია, რომ ამ ადამიანების დასჯა შეუძლებელი იმიტომაა, რომ მათ შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დის ქმარი მიხეილ წამალაშვილი მფარველობს, რომელიც შსს-ში მუშაობს [შსს-ს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე] და ძმები ბექაურების ახლო მეგობარია. აქვე მინდა ვთქვა, რომ მამუკა ბექაურის ძმა სერგო ბექაური, რომელზეც პირდაპირი ჩვენება არსებობს, რომ მან დაარტყა დანა მიხეილ წიკლაურს, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, წარსულში გასამართლებული იყო, სასჯელს იხდიდა, მაგრამ ამნისტიით გამოვიდა და სოფელს დაუბრუნდა”, – განაცხადა დღეს, 9 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა.

 

ჭიკაიძის ნათესავის მხრიდან დანაშაულში ბრალდებულის მფარველობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შსს-ში უარყოფენ, რაც შეეხება უშუალოდ მიხეილ წიკლაურის მკვლელობის ფაქტს, უწყების პრესსამსახურმა ნეტგაზეთს ასეთი ინფორმაცია მიაწოდა:

 

“თეთრიწყაროს რაიონში 27 მაისს მომხდარი მკვლელობა გახსნილია. ურთიერთშელაპარაკების დროს 1983 წელს დაბადებულმა სერგო ბ.–მ ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1987 წელს დაბადებულ მიხეილ წ.-ს, რომელიც შემთხვევიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება საქართველოს სსკ 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. სერგო ბ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, გამოცხადდა ძებნა და მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. გარდაცვლილსა და ბრალდებულს შორის მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის ძმა – მამუკა ბ. მონაწილეობდა, რომელსაც ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ 125-ე, ცემის მუხლით და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა შეთანხმება გაუსვლელობის შესახებ”.

 

პავლე კუბლაშვილის ინფორმაციით, ძმები ბექაურები გარდაცვლილი ოჯახის წევრებს კვლავ ემუქრებიან, რის გამოც სოფელში ხელმოწერები შეგროვდა:

 

“მოსახლეობაში შეგროვდა 144 ხელმოწერა და ისინი პოლიციისაგან ითხოვენ, რომ სოფელი მეზობელ სოფელ დრეშში მცხოვრები ძმები ბექაურებისაგან დაიცვან. სოფელი აცხადებს, რომ ისინი არიან ტერორის, მუქარის ქვეშ ამ ადამიანების მხრიდან”, – განაცხადა დეპუტატმა.

ზემოხსენებული ერთობლივი წერილის პოლიციაში ჩაბარების ფაქტი ნეტგაზეთს შსს-შიც დაუდასტურეს. უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ამ წერილზე პოლიციამ რეაგირებაც მოახდინა, ხოლო კითხვას, რაში გამოიხატა სამართალდამცველების რეაგირება, ასე უპასუხეს:

 

“იყო შემოწმება, გამოკითხეს ის პირი [მამუკა ბექაური] და რაც კანონით არის გათვალისწინებული, ყველა სახის ღონისძიება განხორციელდა.

დეპუტატ კუბლაშვილის თქმით კი, ორბეთში განვითარებული მოვლენები ნათლად ცხადყოფს იმას, რომ საზოგადოების დაუცველობის განცდა უჩნდება.

“ასე ხდება პოლიციის დემორალიზება, ეს არის ის საკითხი, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს”, – განაცხადა დეპუტატმა კუბლაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი