ახალი ამბებირეკლამა

„ტროლების ქარხნად“ წოდებულ შენობაში არანაირი აპარატურა არ გვაქვს – „სილქნეტი“

13 მარტი, 2019 • 1011
„ტროლების ქარხნად“ წოდებულ შენობაში არანაირი აპარატურა არ გვაქვს – „სილქნეტი“

სილკნეტი ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თიბისი ბანკზე განხორციელებული კიბერშეტევის შესახებ და აცხადებს, რომ  თბილისში, „ტროლების ქარხნად“ წოდებულ შენობაში არანაირი აპარატურა არ ვაქვს .

გავრცელებული ინფორმაციით, კიბერშეტევა თბილისში,  რუსთაველის გამზირის N12-ში, არსებული შენობიდან განხორციელდა. „სილქნეტის“ განცხადებით,  ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. მათივე ცნობით, კომპანიას შენობაში არანაირი აპარატურა არ აქვს.

“აპარატურა განლაგებულია სხვა ტერიტორიაზე – აღნიშნული შენობის უკანა ეზოში, სადაც, ასევე, განთავსებულია საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა მობილური ოპერატორის აპარატურა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ აპარატურის განთავსებას არანაირი კავშირი არ აქვს სიუჟეტში გამოთქმულ ვარაუდთან,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

„სილქნეტი“ ყველა დაინტერესებულ მხარეს მიმართავს თხოვნით, მაქსიმალურად შეიკავონ თავი და მსგავს მნიშვნელობის თემებზე დაუდასტურებელი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ, რადგან ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელება ზიანს აყენებს, როგორც ადამიანებს, ისე კომპანიებს – ამ შემთხვევაში „სილქნეტის“ იმიჯსა და რეპუტაციას. „სილქნეტი“ ხაზგასმით ეწინააღმდეგება კომპანიის ნებისმიერი სახით დაკავშირებას ტროლების და ბოტების, ასევე კიბერშეტევების დამაზიანებელ ქმედებებს საქართველოში.

4 მარტს საპარლამენტო კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ  გასული წლის ივლისის თვეში თიბისი ბანკზე მოხდა კიბერთავდასხმა. ხაზარაძის თქმით, ბანკის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა აღმოაჩინა ადგილი, საიდანაც თავდასხმა განხორციელდა და აღნიშნული ინფორმაცია შსს-ს მიაწოდეს.

“მინდა გითხრათ, რომ თიბისი ბანკი გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური ინოვაციებით და ჩვენს ბანკში 400 უნიჭიერესი ახალგაზრდა მუშაობს, რომელიც ფოკუსირებულია საინფორმაციო უზრუნველყოფაზე და უსაფრთხოებასა და ახალი პროდუქტების შექმნაზე. ჩვენ არა მარტო დავიცავით ბანკი ამ კიბერშეტევისგან და დავიჭირეთ სიგნალი, არამედ მივაგენით მისამართს, კომპიუტერებს, ოთახს, და ეს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ შსს-ს. მას შემდეგ 5 წერილი მივწერე მინისტრს, სად დგას გამოძიება“, – განუცხადა დეპუტატებს მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის განმარტებით, თებერვლის ბოლოს გამომძიებელმა აცნობა, რომ  კომპიუტერი ექსპერტიზისთვის წაიღეს. საგამოძიებო ორგანოებს ამ საკითხზე ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გაუვრცელებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი