ახალი ამბები

საქართველომ გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული” ოსკარზე კანდიდატ ფილმად წარადგინა

5 სექტემბერი, 2014 • • 1261
საქართველომ გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული” ოსკარზე კანდიდატ ფილმად წარადგინა

ამის შესახებ გადაწყვეტილება კულტურის სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ დღეს საჯარო გახადა.  

 

ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე წარსადგენი ქართული კინოსურათი სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრის შედეგად გამოავლინა.

 

კონკურსში მონაწილეობდა ოთხი ქრთული ფილმი “პატარძლები” – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი, “პაემნები” – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი, “სიმინდის კუნძული”– რეჟისორი გიორგი ოვაშივილი და “ზღვარი” – რეჟისორი მარიამ ქაცარავა. 

 

კომისიის შემადგენლობაში იყვნენ მერაბ კოკოჩაშვილი, კოტე ჯანდიერი, ლანა ღოღობერიძე, მიხეილ კობახიძე, ვლადიმერ კაჭარავა, ნინო მხეიძე, ნანა ჯანელიძე, ნანა ექვთიმიშვილი, რუსუდან ჭყონია, ნატო მურვანიძე, კახა კანდელაკი. 

 

კანდიდატი ფილმის წარდგენა არ ნიშნავს კინოაკადემიის საკონკურსო პროგრამაში ჩართვას. მხატვრული ფილმი მხოლოდ კანდიდატ ფილმადაა წარდგენილი და კინოაკადემიის ნომინაციაში მოსახვედრად კიდევ ერთი შერჩევა უნდა გაიაროს.  არჩევის შემთხვევაში, “სიმინდის კუნძული” “საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის” კატეგორიაში იქნება წარდგენილი.

 

ბოლო ვადა ოსკარებზე კანდიდატი ფილმების წარსადგენად 1 ოქტომბერია. კინოაკადემია ნომინაციებს 2015 წლის 15 იანავრს გამოაცხადებს, თავად დაჯილდოვების ცერემონია 22 თებერვალს დოლბის თეატრში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი