მთავრობა გამყოფი ხაზების გასწვრივ პროგრამას “აწარმოე უკეთესი მომავლისთვის” იწყებს

საქართველოს მთავრობა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების გამყოფი ხაზების გასწვრივ, ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის პროგრამის “აწარმოე უკეთესი მომავლისთვის” განხორციელებას იწყებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, პროექტი მიზნად ისახავს გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოქალაქეთა ეკონომიკურ სიძლიერესა და გამყოფი ხაზებით დაშორებული ადამიანების დაახლოებას.

“შემოგვაქვს ახალი პროგრამა “აწარმოე უკეთესი მომავლისთვის”, რომელიც დღეს ამოქმედდება. პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების გამყოფი ხაზების გასწვრივ, ორივე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეთა ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას, ასევე, ერთობლივი წარმოებისა და სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერას. პროგრამა უპრეცედენტოა და მაქვს იმედი, რომ ეს გააჩენს დამატებითი ეკონომიკური აქტივობისთვის საშუალებას გამყოფი ხაზებით დაშორებული ადამიანების დაახლოებისთვის, მათ შორის, საქმიანი ურთიერთობის გაჩენისთვის, ადამიანური ურთიერთობის კიდევ უფრო დაახლოებისთვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პროექტი განხორციელდება სამშვიდობო ინიციატივის “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” ფარგლებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.