ახალი ამბები

სასამართლომ დავით კირკიტაძე წინასწარი პატიმრობიდან არ გაათავისუფლა

12 მარტი, 2019 • 1510
სასამართლომ დავით კირკიტაძე წინასწარი პატიმრობიდან არ გაათავისუფლა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძე წინასწარი პატიმრობიდან არ გაათავისუფლა. “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მოსამართლემ არ გაითვალისწინა თავდებობა, რომლითაც სასამართლოს 1000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა. სასამართლო სხდომას “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ლიდერები ესწრებოდნენ.

მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ დავით კირკიტაძე პოლიტიკური პატიმარია.

“მუხლი, რომელიც კირკიტაძეს შეუფარდეს, არის პოლიციელზე შეიარაღებული თავდასხმა, სხეულზე სერიოზული დაზიანების მიყენება და ა.შ. მოსამართლემ გამოგვიცხადა, რომ ვერ ხედავს ვერც ერთ პარლამენტის წევრს და ვერ ხედავს იმ ადამიანებს, ვინც პასუხისმგებლობა აიღეს და თავდებად დაუდგნენ მას. მოსამართლემ მოითხოვა, რომ ეს ადამიანები აქ მოსულიყვნენ. ისინი მოწყდნენ თავის საქმეებს და დღეს ჩამოვიდნენ გურჯაანში. დავით კირკიტაძეს უკეთებენ ამას და როგორ წარმოგიდგენიათ, რიგით მოქალაქეს რას გაუკეთებენ?!”-უთხრა ტვ პირველს” ვაშაძემ.

გიგა ბოკერიას შეფასებით, კირკიტაძის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა სამართლებრივად აბსურდულია. “ამ მოსამართლემ [წინა სხდომაზე] ბრძანა, რომ თავდებში მდგომი პირების ნახვა სურდა სხდომაზე. ეს შეიძლება ლოგიკური ყოფილიყო, რადგან მას შესაძლოა ჩვენთან გასაუბრება სურდა. რატომ ვუდგავართ თავდებში და რატომ ვართ დარწმუნებული, რომ მისი მიმალვის რისკი არ არსებობს… ცინიზმია, როცა ჯერ დაგვიბარეს და, როგორც ჩანს, შემდეგ იქნა მიღებული სიგნალი ხელისუფლებისგან, პერსონალურად ვისგან, არ ვიცი. მოსამართლე, ჩანდა, რომ თავადაც ესმოდა, როგორ სამარცხვინოდ იქცეოდა,”-ამბობს გიგა ბოკერია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი და ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე კახეთში 17 დეკემბერს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დავით კირკიტაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე 14 იანვარს გამართლდა, თუმცა მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის სხვა საქმეზეც მიმდინარეობს, კერძოდ: გამოძიება ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრს 2018 წლის 16 დეკემბერს ველისციხეში პოლიციელზე თავდასხმას ედავება. სწორედ ამ საქმეზე შეუფარდეს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი