ახალი ამბები

ორსულობის დროს მოწევამ, შესაძლოა, ჩვილის უეცარი სიკვდილის რისკი გაზარდოს

12 მარტი, 2019 • 5923
ორსულობის დროს მოწევამ, შესაძლოა, ჩვილის უეცარი სიკვდილის რისკი გაზარდოს

ორსულობის დროს თუნდაც ერთი სიგარეტის მოწევა ჩვილის უეცარი სიკვდილის რისკებს ზრდის. აღნიშნულის შესახებ კვლევა ორშაბათს ამერიკის პედიატრიის აკადემიის საიტზე გამოქვეყნდა.

მკვლევრებმა კვლევის ფარგლებში 20 მლნ დაბადება და მათ შორის, ჩვილთა 19 000 უეცარი გარდაცვალება გააანალიზეს.

CNN წერს, რომ 2007-2011 წლების მონაცემებზე დაყდნობით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ თითოეული სიგარეტი ორსულობის დროს ჩვილის გარდაცვალების რისკს 0.07-ით ზრდის. ხოლო დღეში მთლიანი შეკვრის მოწევის შემთხვევაში (20 სიგარეტი), ჩვილის გარდაცვალების რისკს არამწეველი დედის შვილთან შედარებით ასამმაგებს.

რაც შეეხება მოწევაზე უარის თქმას, იმ დედებმა, რომლებმაც მესამე ტრიმესტრისთვის შეამცირეს სიგარეტის მოხმარება, ბავშვთა უეცარი გარდაცვალების რისკი 12%-ით შეამცირეს, ხოლო დედებმა, რომლებმაც საერთოდ უარი თქვეს სიგარეტზე –  23%-ით.

 კვლევის ავტორები ამბობენ, რომ თითოეული სიგარეტი, რომელსაც ქალი ორსულობის დროს ეწევა, ზიანის მომტანია, ხოლო ამის შესახებ ექიმები მომავალ დედები კონსულტაციის დროს აუცილებლად უნდა გაესაუბრონ.

სიგარეტის მოწევასა და ჩვილების უეცარი გარდაცვალების სინდრომს ერთმანეთთან კიდევ ერთი კვლევა, კერძოდ კი, ამერიკის გინეკოლოგთა კოლეჯის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომი აკავშირებს. კვლევის მიხედვით, 23%-დან 34%-შემთხვევებში, ბავშვთა უეცარი გარდაცვალება, შესაძლოა, მშობელთა ნიკოტინის მოხმარების ბრალი იყოს.

ბავშვის უეცარი გარდაცვალების სინდრომის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. აშშ-ის ბავშვთა ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით, სინდრომი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია 1 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის. თუმცა არ არსებობს ამ სინდრომის ახსნა და, შესაბამისად, თავდაცვის მექანიზმი, ნიკოტინზე უარის თქმა ერთ-ერთი ის რჩევაა, რომელსაც პედიატრები მომავალ დედებს აძლევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი