ახალი ამბები

ვენესუელაში უშუქობის ფონზე საპროტესტო აქციები განახლდა

9 მარტი, 2019 • 1280
ვენესუელაში უშუქობის ფონზე საპროტესტო აქციები განახლდა

ვენესუელაში განახლდა ურთიერთსაპირისპირო დემონსტრაციები ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოსა და პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მხარდასაჭერად. აქციების განახლება მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას მოჰყვა.

ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში 9 მარტს გუაიდოს მხარდამჭერთა ნაწილი პოლიციას დაუპირისპირდა, რომელმაც წიწაკის სპრეი გამოიყენა მათ წინააღმდეგ.

ქვეყნის ელექტროენერგია მეტწილად ჰიდროელექტრო ინფრასტრუქტურაზეა დამოკიდებული, თუმცა, როგორც BBC წერს, წლების განმავლობაში ამ სფეროში ინვესტიციების ნაკლებობის შედეგად, ძირითადი კაშხლები დაზიანებულია, შესაბამისად, ხშირია უეცარი უშუქობა.

გუაიდომ 23 იანვარს თავი შუალედურ პრეზიდენტად გამოაცხადა, რის შემდეგაც მას აშშ-მა, კანადამ, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვებმა — ჯამში 50-მდე ქვეყანამ — დაუჭირა მხარი. ისინი მადუროს მმართველობას არალეგიტიმურს უწოდებენ. მადუროს ჯერჯერობით მხარს უჭერს ქვეყნის სამხედრო ძალები, ასევე რუსეთი და ჩინეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი