ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა მასსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არა:
“არანაირი პიროვნული არც უთანხმოება, არც დაძაბულობა არ არსებობს. მე არაერთხელ ვთქვი, რომ ეს არის მიმდინარე პროცესი – ახალი საკონსტიტუციო რეალობის ცხოვრებაში გადაყვანისა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, არამედ არის სახელმწიფოს მეთაური. აქედან გამომდინარე, გარკვეული საკითხები ალბათ საჭიროებს მოთელვას. აი, ეს არის რეალობა, რომელსაც დაუფარავად გიზიარებთ თქვენც და მაყურებელსაც და არ ვფიქრობ, რომ ამასთან დაკავშირებით რამენაირად ეს თემები არ ყოფილიყო ახსნილი – აღნიშნა მარგველაშვილმა.
მთავრობა თვლის, რომ ნიუ იორკში, 23 სექტემბრისთვის დაგეგმილ გაეროს კლიმატის სამიტს პრემიერი უნდა დაესწროს, რადგან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყნის დელეგაციას ის წარმოადგენს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილმა გენერალური მდივნისაგან მიწევევა მიიღო ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ კლიმატის სამიტზე. საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ნიუ იორკში ორი დელეგაციის გამგზავრება უხერხულია, ამიტომ ამ ღონისძიებასაც პრემიერი უნდა დაესწროს.
